ახალი ამბები

გაგოშას პლასტილინის ფიგურები თბილისის ქუჩებში

30 აპრილი, 2020 •
გაგოშას პლასტილინის ფიგურები თბილისის ქუჩებში

ქუჩის მხატვრობის არტისტი გაგოშა, რომელიც თავისი ნახატებით ხშირად ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებს, ამჟამად პლასტილინის მცირე ზომის ფიგურებით ახალისებს თბილისის ცარიელ ქუჩებს. როგორც ამბობს, ახალი სერიის იდეა მანამდეც ჰქონდა, თუმცა მისი უშუალო რეალიზება კარანტინის პერიოდს დაემთხვა.

ნამუშევრების ქუჩებში გავრცელება სულ 1 კვირის წინ დაიწყო, შესაბამისად, ქალაქის ქუჩებში უკვე არაერთი მინიატურული ფიგურა გამოჩნდა.  თავდაპირველად თიხაზე მუშაობას გეგმავდა, მაგრამ ახალი კორონავირუსის კრიზისმა გეგმები შეაცვლევინა.

ვარდის გამყიდველი ბიჭი

ვარდის გამყიდველი ბიჭი

“რასაც ვაკეთებდი, ის არ შემიწყვეტია: სტენსილებს და წარწერებს ისევ ჩვეულებრივ ვაკეთებ. უბრალოდ, მინდოდა, რაღაც ახალი ფორმა მომეძებნა, რათა გადამეხალისებინა ჩემი ნამუშევრები. რომ ვთქვა, ამის გამო, უშუალოდ კორონავირუსის პერიოდში დავიწყე-მეთქი, არა. მანამდე მქონდა ეს იდეა. თიხით დავიწყე, თუმცა ახლა თიხის გამოწვა შეუძლებელია, რადგან შესაბამისი ობიექტი არ მუშაობს. ამიტომ, გადავწყვიტე, მარტივად გამეკეთებინა პლასტილინით. თემატიკა იგივე იქნება, სოციალური კუთხით ვიმუშავებ”, – უთხრა არტისტმა “ნეტგაზეთს”.

ბოლო დღეების განმავლობაში კარანტინის გამო თითქმის დაცარიელებულ თბილისის ქუჩებში ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდნენ ბალერინის, ლიმონის გამყიდველი ქალისა და მეყვავილე ბიჭის, ასევე “მრავალხელიანი” ექიმის ფიგურები. ყოველ შემთხვევაში, არტისტმა ისინი ადგილზე დატოვა. რთული სათქმელია, რა ბედი ეწიათ შემდეგ, თუმცა, გაგოშას თქმით, ამ სერიის საინტერესო მხარე სწორედ აღნიშნული დეტალია.

“ქუჩის ხელოვნება ხომ მოწყვლადია, თუმცა ამ შემთხვევაში ის კიდევ უფრო მოწყვლადი ხდება, რადგან, შესაძლოა, ორ საათში აღარ იყოს ეს ფიგურა ადგილზე. მაგრამ ესეც საინტერესოა, ვის მიაქვს სახლში ან სად აღმოჩნდება. შეიძლება, საერთოდაც სანაგვეზე აღმოჩნდეს, როგორც ბევრი ჩვენგანი”, – ამბობს ის.

არტისტი სერიის გაგრძელებას კრიზისის დასრულების შემდეგაც გეგმავს. როგორც თავად ამბობს, “ხალხმრავალ ქუჩებშიც არ იქნება ცუდი პატარა მინიატურებზე დაკვირვება”.

ლიმონის გამყიდველი ქალი

ლიმონის გამყიდველი ქალი

ბალერინა

ბალერინა

"ესეც ჩვენს ექიმებს, ამ ვირუსის გადამკიდე იმდენი საქმე აქვთ ინდუისტური ღმერთებივით რამდენიმე ხელის ქონდა არ აწყენდათ", - წერს არტისტი ფეისბუქზე

“ესეც ჩვენს ექიმებს, ამ ვირუსის გადამკიდე იმდენი საქმე აქვთ ინდუისტური ღმერთებივით რამდენიმე ხელის ქონდა არ აწყენდათ”, – წერს არტისტი ფეისბუქზე

მასალების გადაბეჭდვის წესი