ახალი ამბები

ვიზიარებ შენიშვნას, დავაგვიანეთ ქართული გამოცდილების გაზიარება – ცერცვაძე

29 აპრილი, 2020 • 1765
ვიზიარებ შენიშვნას, დავაგვიანეთ ქართული გამოცდილების გაზიარება – ცერცვაძე

კორონავირუსზე კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ იზიარებს შენიშვნას ქვეყანაში Covid-19-ის შესახებ მეცნიერული კვლევის ნაკლებობასთან დაკავშირებით და ამის მიზეზად ექიმების მოუცლელობას და გადატვირთულობას ასახელებს.

29 აპრილს ტვ პირველის ეთერში წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა თენგიზ ცერცვაძეს ასეთი ფორმულირებით დაუსვა კითხვა: „რა კვლევები მიდის [საქართველოში Covid-19-ზე მკურნალობის] პარალელურად?.. საყვედურებს შორის მოვისმინე, რომ ქართული სივრცეებიდან პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია გადის ნაკლებად და არ ხდება თუნდაც ამ საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა“.

თენგიზ ცერცვაძე ამ შეფასებას დაეთანხმა: „დიახ, მე მთლიანად ვიზიარებ ამ შენიშვნას… დიახ, ეს ასეა, ჩვენ ცოტა დავაგვიანეთ ქართული გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნითაც“.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თანახმად, ეს განპირობებული იყო „მოუცლელოით და გადატვირთულობით“:

„ჩვენთან სხვა დამოკიდებულებაა… უცხოეთში ექიმი თავის მოვალეობას ასრულებს, მაგრამ ასრულებს იმ მოვალეობას, რაც გაწერილია. მაგალითად, ის ერთხელ ნახავს ავადმყოფს, მისცემს დანიშნულებას და შემდეგ შეიძლება დაჯდეს და მთელი დღე იმუშაოს მასალაზე ან მეცნიერული კვლევა აწარმოოს“.

„ჩვენთან სხვა ფორმატით ვმუშაობდით ამ ინფექციის გაჩენიდანვე ყველა კლინიკაში, რომელსაც ვიცნობ და ვკურირებ. ექიმები, ექთნები და სანიტრები 24 სთ  მუშაობენ პაციენტთან, რამდენჯერმე შედიან პაციენტთან. შესვლა ნიშნავს, რომ რამდენჯერმე იცვამენ და იხდიან კომბინეზონს… მთელ დღეს პაციენტთან ვატარებდით“, — განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, „მეორე პლანზე დარჩა გამოცდილების სისტემაში მოყვანა, თუნდაც დესკრიფციული ანალიზი და მისი გაცნობა“.

„ჩვენ ამას ვაკეთებთ და დაახლოებით ერთ კვირაში ამ მონაცემებს ყველას გავაცნობთ. მე მიმაჩნია, რომ ეს ერთადერთი, ან ერთ-ერთი მცირე ხარვეზი შეივსება“, – განაცხადა მან.

საქართველოში Covid-19-ის ზოგადი სტატისტიკა 29 აპრილის 21:20 საათის მდგომარეობით ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 517
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 178
  • მათ შორის გარდაცვლილი – 6
  • კარანტინის რეჟიმში – 5153
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

მასალების გადაბეჭდვის წესი