ახალი ამბები

საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა – TI

29 აპრილი, 2020 • 1206
საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა – TI

საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ მსოფლიოში კვლავ მე-5 ადგილზეა. როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ (IBP) გლობალური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ ქვეყანამ 100 შესაძლებელი ქულიდან 81 ქულა მიიღო, რაც 2017 წელთან შედარებით უმნიშვნელო – ერთპუნქტიანი გაუარესებაა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილება ძირითადად გამოიწვია „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ მხრიდან რამდენიმე საკითხის შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილებამ  და ამ მაჩვენებლით 117 ქვეყნის მსოფლიო რეიტინგში საქართველო, წინა კვლევის მსგავსად, კვლავ მე-5 ადგილზე დარჩა, რაც TI-ის შეფასებით, მნიშვნელოვანი მიღწევაა და მას მხოლოდ ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი და მექსიკა უსწრებენ.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კვლევის მთელი პროცესი დაახლოებით 18 თვეს გრძელდებოდა და ძირითადად აფასებს  2018 წლის 31 დეკემბრამდე არსებულ მდგომარეობას.

ბიუჯეტის გამჭვირვალობის გასაზომად გამოყენებულია 109 სხვადასხვა ინდიკატორი. „ღია ბიუჯეტის ინდექსის” მიზანია შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს ქვეყნის ცენტრალური მთავრობა რვა ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტის საზოგადოებისთვის დროულ ხელმისაწვდომობას და არის თუ არა ამომწურავი ამ დოკუმენტებში შეტანილი მონაცემები.

ეს რვა დოკუმენტია: ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები; სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი; სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მიღებული კანონი; მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევი; სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშები; სახელმწიფო ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიში; სახელმწიფო ბიუჯეტის თორმეტი თვის შესრულების ანგარიში და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

როგორც TI-ში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ „ღია ბიუჯეტის ინდექსით” ფასდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა” ყურადღებას, ასევე, ამახვილებს: ა). ბიუჯეტზე ეფექტიანი ზედამხედველობისა და ბ.) საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებზეც.

დოკუმენტის მიხედვით, ბიუჯეტის ზედამხედველობის კომპონენტში საქართველოს 100-დან 82 ქულა აქვს მინიჭებული, გამჭვირვალობის კუთხით – 81, გამოწვევად კი რჩება მოსახლეობის ჩართულობის კომპოენტი, სადაც ქვეყანა 100-დან 28 ქულითაა შეფასებული:

“ამ ორი თემის შეფასება „ღია ბიუჯეტის ინდექსის” შემადგენელი ნაწილი არ არის და ცალკე განიხილება. ამ მხრივ საქართველოს კვლავ აქვს გამოწვევები საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეების ჩართულობის კუთხით. კერძოდ, 100 შესაძლებელი ქულიდან საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის მხრივ საქართველომ 28 ქულა (მსოფლიოში მე-14 ადგილი) მიიღო, ბიუჯეტზე ზედამხედველობის მხრივ კი – 82 ქულა (მე-11 ადგილი)” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის შეფასებით, ამ მიღწევების მიუხედავად, „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა” საქართველოს მთავრობას რიგ რეკომენდაციებს სთავაზობს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, ქვეყანა კიდევ უფრო გააუმჯობესებს მიღწეულ შედეგს, მათ შორის, საქართველომ შემდეგი ქმედებები უნდა დაისახოს პრიორიტეტად:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს უნდა ჩაემატოს ინფორმაცია ფისკალური რისკების შესახებ. მაგალითად, ინფორმაცია სახელმწიფო საწარმოებისთვის გადაცემულ ტრანსფერებზე, მათს კვაზი-ფისკალურ საქმიანობასა და საბიუჯეტო წლის საგადასახადო დანახარჯებზე.
  • ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს მიმდინარე წლის ბოლომდე მოსალოდნელი შემოსავლების შესახებ განახლებული მონაცემები და მათი შედარება თავდაპირველ პროგნოზებთან.
  • მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევის შემუშავებისას საზოგადოების ჩართულობა უკეთ უნდა იყოს უზრუნველყოფილი და აღნიშნული დოკუმენტი უნდა გავრცელდეს სხვადასხვა მედიასაშუალებით, რათა სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიამდე მიაღწიოს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2012 წლიდან ატარებს საქართველოს ღია ბიუჯეტის კვლევას „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობისთვის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი