ახალი ამბები

მსოფლიო ბანკი საქართველოს 80 მილიონ დოლარს გამოუყოფს

29 აპრილი, 2020 • 951
მსოფლიო ბანკი საქართველოს 80 მილიონ დოლარს გამოუყოფს

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო, რათა მთავრობას ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში COVID-19-ით გამოწვეული შედეგების შერბილებასა და რეაგირებაში დაეხმაროს.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული დაფინანსება COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების პაკეტის ნაწილია (FTCF). მსოფლიო ბანკი ასევე თანამშრომლობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან, თანადაფინანსების ხელშეკრულებით, დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის მოსაზიდად. პროექტის მიზანია იმ ღონისძიებების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საფრთხის პრევენციას, გამოვლენას და მასზე რეაგირებას, ასევე, დაუყოვნებელი სოციალური დახმარების უზრუნველყოფას ყველაზე მოწყვლადი ფენისთვის.

“მოსალოდნელია, რომ პროექტი სარგებელს მოუტანს მოსახლეობის ფართო სპექტრს, კერძოდ კი, მოსახლეობის ინფიცირებულ და რისკის ქვეშ მყოფ იმ ნაწილს, როგორებიც არიან მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და საგანგებო სიტუაციებზე მომუშავე და სამედიცინო პერსონალი. ჯანდაცვის მიმართულებით COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებები მოიცავს დაავადების შემთხვევების გამოვლენას და დადასტურებას, ტესტირების ზრდას, ისევე როგორც შემთხვევების სამართავად ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას. პროექტი გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს ღარიბ და მოწყვლად შინამეურნეობებს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაფართოებით და დროებითი ფულადი ტრანსფერების უზრუნველყოფით იმ პირებისთვის, რომელთაც პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს”, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის შეფასებით, საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის დაფინანსების პაკეტი COVID-19-ზე რეაგირების ღონისძიებებისთვის საბოლოოდ იქნება დაახლოებით 200 მლნ აშშ დოლარი, რასაც ემატება 300 მლნ აშშ დოლარის დაფინანსებაც, რომლის გამოყოფაც დაგეგმილი იყო 2020-2021 წლებში ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო ისეთი პროექტებისთვის, როგორებიცაა ციფრული კავშირი და ინფრასტრუქტურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი