ახალი ამბები

ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 8.5%-მდე ამცირებს

29 აპრილი, 2020 • 1613
ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 8.5%-მდე ამცირებს

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 8.5%-მდე შეამცირა. ეს ნიშნავს, რომ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები მოსახლეობისთვის შედარებით გაიაფდება. რეფინანსირების განაკვეთი ამ დრომდე 9% იყო.

ეს გადაწყვეტილება ბანკის  მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 29 აპრილს, მიიღო. ეროვნულ ბანკში მიაჩნიათ, რომ პანდემიის გამო პროდუქტზე მოთხოვნის შემცირება მომავალშიც გაგრძელდება, რასაც ინფლაციაზე დადებითი ეფექტი ექნება, შესაბამისად, ცენტრალურ ბანკში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის საჭიროებას ვეღარ ხედავენ.

“შემცირების მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული რჩება, რაც საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას უზრუნველყოფს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი გამკაცრებული პოლიტიკიდან გამოსვლას ეტაპობრივად განახორციელებს და შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება ინფლაციის მოლოდინები”, – აცხადებენ სებ-ში.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, დროებითი ფაქტორების გამო ინფლაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნდება, შემდეგ ეტაპობრივად შემცირდება და 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონემდე დავა. 2020 წლის მარტში საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი 6.1%-ს შეადგენდა.

“ინფლაციის დინამიკას როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების მხარეს არსებული ფაქტორების ურთიერთქმედება განსაზღვრავს. გასათვალისწინებელია, რომ ერთობლივი მოთხოვნის შემცირება ინფლაციის მაჩვენებელზე გარკვეული პერიოდის შემდეგ აისახება, მაშინ როდესაც მიწოდების ფაქტორები ინფლაციაზე უფრო სწრაფად ახდენს გავლენას. პანდემიის ფონზე ლოგისტიკური შეზღუდვებით გამოწვეული მიწოდების ფაქტორები მიმდინარე თვეებში ინფლაციის შემცირებას დააყოვნებს, თუმცა საგარეო და შიდა მოთხოვნის მკვეთრი კლება წლის განმავლობაში ინფლაციაზე დაღმავალ ზეწოლას შექმნის. მოთხოვნის მხარეს მოსალოდნელი სისუსტის გათვალისწინებით ამ დონეზე გამკაცრებული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება აღარ არის”, – აცხადებენ ეროვნულ ბანში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 24 ივნისს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი