ახალი ამბები

კანზე ცვლილებები შესაძლოა, COVID-19-ის სიმპტომი იყოს – პულმონოლოგი

29 აპრილი, 2020 • 4740
კანზე ცვლილებები შესაძლოა, COVID-19-ის სიმპტომი იყოს – პულმონოლოგი

შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციოლოგიის განყოფილების ექიმ-ინტერნისტი, პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი ამბობს, რომ კანზე ცვლილებები ერთ-ერთი ახალი გამოვლინებაა, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსის ნიშანი იყოს.

“სულ ახალი ინფორმაცია, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, არის კანზე ცვლილებები. კანზე ცვლილებებით შესაძლებელია, საერთოდ დაიწყოს კოვიდ-19. ამიტომ, თუ შეამჩნიეთ კანზე ახალი გამონაყარი, გთხოვთ, დაურეკოთ დერმატოლოგებს და კითხვა დაუსვათ”, – განაცხადა თამარ ჟამურაშვილმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის (NCCE) ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე.

პულმონოლოგის თქმით, ასევე, გამოიკვეთა ნევროლოგიური სიპმტომატიკა, რაც კორონავირუსს ახასიათებს, კერძოდ, თავის ტკივილი, თვალების ტკივილი, თავბრუსხვევა, ხელ-ფეხის დაბუჟება.

“მარტო ცხელებაზე დაკვირვება არ იქნება სწორი იმიტომ, რომ მთელი რიგი სიმპტომებისა გამოგრჩებათ. იანვარ-თებერვალში ვამბობდით, რომ სიცხე თუ გამოგივლინდებათ, ისიც 38-ს ზემოთ, დაგვიკავშირდით. ახლა არსებობს მთელი რიგი სხვა სიმპტომებისა, რაც კოვიდ-19-ს ახასიათებს და ამასაც უნდა მიაქციოს ჩვეულებრივმა მოქალაქემ ყურადღება.

სიცხე დაახლოებით 90-95% ადამიანს ემართება, მაგრამ თუ სიცხე არ გაქვთ, არ ნიშნავს, რომ კოვიდ 19-იც არ გაქვთ. კორონავირუსს ახასიათებს ყელის, თავის, კუნთების ტკივილი, სურდო და ყველა ის სიმპტომი, რაც ჩვეულებრივ ვირუსს ახასიათებს, ფაღარათის ჩათვლით. თუმცა სიახლეა ისაა, რომ პაციენტს შესაძლოა, მიოკარდიუმის ინფარქტი განუვითარდეს. ამიტომ, თუ ადამიანს სურდო და სიცხე არ აქვს, მაგრამ გულ-მკერდის არეში ტკივილს გრძნობს, არ ნიშნავს, რომ კოვიდზე არ უნდა ვიფიქროთ”, – განაცხადა თამარ ჟამურაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი