ნეტგაზეთი | სააკაშვილის კანდიდატურა რადადან გამოიხმეს — მედია სააკაშვილის კანდიდატურა რადადან გამოიხმეს — მედია – Netgazeti

სააკაშვილის კანდიდატურა რადადან გამოიხმეს — მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის განხილვა უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე აღარ შედგება. თავდაპირველად, ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინული გამოცემის, „ცენზორ.ნეტ-ის“ მთავარმა რედაქტორმა, იური ბუტუსოვმა გამოაქვეყნა. იმავე ინფორმაციას ავრცელებს „უკრაინსკა პრავდა“.

მოგვიანებით, ბუტუსოვზე დაყრდნობით, ეს ცნობები გაავრცელეს სხვა უკრაინულმა მედიასაშუალებებმა, მათ შორის – „უნიანმა“.

თუმცა, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ოლექსანდრ კაჩურას თქმით, სააკაშვილის კანდიდატურა რადაში არ შესულა და შესაბამისად, მას ვერც გაიხმობდნენ.

გარდა ამისა, „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, რადას დეპუტატმა განაცხადა, რომ სააკაშვილი მის ფრაქციასთან, „გოლოსთან“, უფრო მეტად საუბრობდა ზელენსკის მრჩევლის პოზიციაზე.

თუმცა, იური ბუტუვის ცნობით, ვიცე-პრემიერობის მაგივრად მმართველ პარტია „ხალხის მსახურს“ სურს, სააკაშვილი თავის წარმომადგენლად ოდესის [მერის] არჩევნებზე წარადგინოს.

ბუტუსოვის ცნობით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან სააკაშვილის კანდიდატურა უკან გამოიხმო.

როგორც ჟურნალისტი წერს, სააკაშვილის კანდიდატურის გამოხმობის მიზეზი რადაში არასაკმარისი მხარდაჭერა გახდა. ბუტუსოვის განცხადებით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდამჭერ ფრაქცია „ხალხის მსახურში“, რომელიც რადაში 248 დეპუტატითაა წარმოდგენილი, სააკაშვილს საჯაროდ მხარი დაუჭირა მხოლოდ 100-მა დეპუტატმა, ხოლო მის მხარდასაჭერად მთლიანობაში 140-170 პარლამენტარი იყო მზად, მაშინ, როცა აუცილებელი 226 ხმის მოსაპოვებლად მხოლოდ ამ ფრაქციიდან მინიმუმ 190-200 ხმა იყო საჭირო.

ბუტუსოვი აგრეთვე წერს, რომ ხმების მოპოვების პროცესს სათავეში ჩაუდგა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია, რაც, მისი თქმით, „მომლაპარაკებლის სტატუსის დაქვეითებაა“.

ამასთან ერთად, ბუტუსოვი აცხადებს, რომ ზელენსკის ჰქონდა იდეა, უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს ხელმძღვანელად დავით საყვარელიძე — საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დაენიშნა, თუმცა, როგორც იგი წერს, ზელენსკის ოფისიდან საყვარელიძეს არავინ დაკავშირებია.


უკრაინის ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშნაზე ინფორმაცია თავდაპირველად თავად სააკაშვილმა 22 აპრილს გაავრცელა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ასეთი დანიშნვნა „კატეგორიულად მიუღებელი“ იყო და ქართული მხარის რეაგირება მოჰყვებოდა. მსგავსი განცხადება გააკეთა უკრაინაში საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემაც.

ამის შემდეგ დავით არახამიამ ქართული მხარის წარმომადგენლების კომენტარებზე პასუხისას განაცხადა, რომ „უკრაინას ვერავინ ეტყვის, ვინ დანიშნოს ვიცე-პრემიერად და ვინ არა“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული – ნეტგაზეთის რეპორტიორი 2019 წლის დეკემბრიდან. E-mail: burrrduli@gmail.com