ახალი ამბები

სააკაშვილის კანდიდატურა რადაში არ შემოსულა, ამიტომ ვერც გაიხმობდნენ — რადას დეპუტატი

28 აპრილი, 2020 • 2394
სააკაშვილის კანდიდატურა რადაში არ შემოსულა, ამიტომ ვერც გაიხმობდნენ — რადას დეპუტატი

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ოლექსანდრ კოჩურას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე პარლამენტში — უმაღლეს რადაში – არ შესულა და, შესაბამისად, მას ვერც გაიხმობდნენ. ამის შესახებ მან თავის ტელეგრამ-არხში დაწერა.

„იურიდიული კონსულტაცია ბლოგერებისთვის. ოფიციალურად, პრემიერისგან რადაში სააკაშვილის თაობაზე არანაირი შემოთავაზება არ შემოსულა. ვერ გაიხმობ იმას, რაც არც შემოსულა“, — წერს იგი.

თავად მიხეილ სააკაშვილს 28 აპრილის 18 საათისა და 30 წუთისთვის (თბილისის დროით) ამ საკითხის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის განხილვა უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე აღარ შედგება. თავდაპირველად ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინული გამოცემის, „ცენზორ.ნეტ-ის“ მთავარმა რედაქტორმა, იური ბუტუსოვმა გამოაქვეყნა. იმავე ინფორმაციას ავრცელებს „უკრაინსკაია პრავდა“.

მოგვიანებით, ბუტუსოვზე დაყრდნობით, ეს ცნობები გაავრცელეს სხვა უკრაინულმა მედიასაშუალებებმა, მათ შორის- „უნიანმა“.

გარდა ამისა, „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, რადას ერთ-ერთმ დეპუტატმა განაცხადა, რომ სააკაშვილი მის ფრაქციასთან, „გოლოსთან“, უფრო მეტად საუბრობდა ზელენსკის მრჩევლის პოზიციაზე.

თუმცა, იური ბუტუსოვის ცნობით, ვიცე-პრემიერობის მაგივრად მმართველ პარტია სურს, სააკაშვილი თავის წარმომადგენლად ოდესის [მერის] არჩევნებზე წარადგინოს.

ბუტუსოვის ცნობით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან სააკაშვილის კანდიდატურა უკან გამოიხმო.

როგორც ჟურნალისტი წერს, სააკაშვილის კანდიდატურის გამოხმობის მიზეზი რადაში არასაკმარისი მხარდაჭერა გახდა. ბუტუსოვის განცხადებით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდამჭერ ფრაქცია „ხალხის მსახურში“, რომელიც რადაში 248 დეპუტატითაა წარმოდგენილი, სააკაშვილს საჯაროდ მხარი დაუჭირა მხოლოდ 100-მა დეპუტატმა, ხოლო მის მხარდასაჭერად მთლიანობაში 140-170 პარლამენტარი იყო მზად, მაშინ, როცა აუცილებელი 226 ხმის მოსაპოვებლად მხოლოდ ამ ფრაქციიდან მინიმუმ 190-200 ხმა იყო საჭირო.

ბუტუსოვი აგრეთვე წერს, რომ ხმების მოპოვების პროცესს სათავეში ჩაუდგა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია, რაც, მისი თქმით, „მომლაპარაკებლის სტატუსის დაქვეითებაა“.

ამასთან ერთად, ბუტუსოვი აცხადებს, რომ ზელენსკის ჰქონდა იდეა, უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს ხელმძღვანელად დავით საყვარელიძე — საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დაენიშნა, თუმცა, როგორც იგი წერს, ზელენსკის ოფისიდან საყვარელიძეს არავინ დაკავშირებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი