პანდემიების ისტორია აჩვენებს, რომ ვირუსებისგან თავის დასაცავი ძირითადი მეთოდები – სოციალური დისტანცირება, ჰიგიენის დაცვა და პირბადეები – ბოლო საუკუნის განმავლობაშიც არ შეცვლილა.

2019 წლის მიწურულს გამოჩენილმა ახალმა კორონავირუსმა, სხვა დანარჩენთან ერთად, განათლების სექტორის ფუნქციონირება მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეაფერხა. ზოგიერთ სახელმწიფოში საბავშვო ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები დაიხურა. იქ, სადაც სასწავლო პროცესი განახლდა, მოსწავლეები ვალდებულნი არიან, პირბადეები ატარონ ისე, როგორც ამას ჯერ კიდევ 100 წლის წინ, “ესპანური გრიპის” პანდემიისას აკეთებდნენ.

განახლებული სასწავლო პროცესი ჩინეთში. აპრილი, 2020. ფოტო: EPA-EFE/LIU CHAOFU CHINA OUT

კაცობრიობა ვირუსისაგან თავდაცვის გზებზე საუკუნის წინაც ფიქრობდა, როდესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანას “ესპანური გრიპი” მოედო. მაშინ მსხვილმასშტაბიანი პანდემიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, ვირუსი სწრაფად გავრცელდა და 50 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა არქივში არსებობს ცნობები, როგორ იმუშავა რიგმა პრევენციულმა ზომებმა, მათ შორის, სასწავლო პროცესის შეწყვეტამ გრიპისაგან დაზარალებულ ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ ქალაქში და როგორ განსხვავდებოდნენ ისინი პანდემიის გავრცელების მასშტაბებით ქვეყნის სხვა ტერიტორიებისაგან.

გაზეთი Education Week, რომელმაც საუკუნის წინ ზოგიერთი შტატის თვითმმართველობის ნაბიჯები მიმოიხილა “ესპანური გრიპის” წინააღმდეგ, აღნიშნავს, რომ აშშ-ში სკოლების გრძელვადიანი დახურვა პოპულარული იდეა არ არის,  მით უმეტეს, მაშინ, როცა ის დიდ ხარჯებს უკავშირდება. თუმცა მიჩიგანის უნივერსიტეტის კვლევა აჩვენებს, როგორ შეცვალა სურათი აღნიშნულმა ზომამ ზოგიერთ შტატში ჯერ კიდევ 100 წლის წინ.

“ამერიკული სკოლების ადრევე დახურვამ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე შეამსუბუქა “ესპანური გრიპის”გავლენა”, – აცხადებს კვლევის თანაავტორი ალექსანდერ ნავარო.

კვლევაში განხილულია მაგალითი 43 ამერიკული ქალაქისა, რომელთაც სხვადასხვაგვარად უპასუხეს პანდემიას. მაშინ, როგორც ახლა, აშშ-ში პრევენციულ ზომებს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე იღებდნენ. ის რეგიონები, სადაც ადრევე მიიღეს პრევენციული ზომები (დახურეს სკოლები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები), ხასიათდებოდნენ როგორც გარდაცვალების მაჩვენებლის, ისე, ზოგადად, ვირუსის გავრცელების მასშტაბების სიმცირით.

“აღნიშნული ზომები სხვადასხვა ქალაქში არ აღსრულებულა ერთდროულად და ერთნაირი პერიოდულობით. კვლევები აჩვენებს, რომ ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის, სან-ფრანცისკოში, სენტ-ლუისში, მილუოკსა და კანზასში, სადაც ზომები ადრე მიიღეს, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 30-50%-ით ნაკლები იყო. ეს ქალაქები გვიან მიუახლოვდნენ სიკვდილიანობის პიკურ მაჩვენებელს, რომელიც, სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელთან ერთად, დაბალი იყო სხვებთან შედარებით”,- აღნიშნულია ამერიკის ციტოპათოლოგიის საზოგადოების ჟურნალის კვლევაში.

იყო შემთხვევები, როდესაც სკოლების საკითხი უთანხმოების მიზეზი ხდებოდა ოფიციალურ პირებს შორის. მაგალითად, მინესოტის შტატის ორი ქალაქის – მინეაპოლისისა და სენტ-პოლის – ჯანდაცვის კომისრები  რადიკალურად განსხვავებულ მოდელებს წარმოადგენდნენ კრიზისთან საბრძოლველად. ერთი მათგანი ქალაქის ჩაკეტვას და საკარანტინე ზომებს უჭერდა მხარს, მეორე კი, ინდივიდუალურ შემთხვევებზე მუშაობასა და თვითიზოლაციას.

პირველი მიიჩნევდა, რომ სკოლების ბაზაზე ათობით ათასი მოსწავლის მეთვალყურეობა და მკურნალობა რთული იქნებოდა, მეორე კი ვირუსთან ბრძოლის მნიშვნელოვან პოტენციალს სწორედ სკოლების მედდებში ხედავდა. საბოლოოდ, მინეაპოლისის სკოლებში სასწავლო პროცესი შეზღუდეს. სენტ-პოლის მთავრობამ, კომისრის წინააღმდეგობის მიუხედავად, ასეთივე ზომები მიიღო და ერთიანად დახურა როგორც სკოლები, ისე ეკლესიები, თეატრები და სხვა დაწესებულებები.

მომაკვდინებელი ვირუსის შესაჩერებლად სკოლების ნაწილი ოკლაჰომას შტატშიც დახურეს. საარქივო მასალების თანახმად, მასწავლებლებს გარანტირებული ჰქონდათ მთელი თვის ხელფასი, თუმცა მათ სხვა ფორმებით გადაწყვიტეს საზოგადოების დახმარება: სამუშაო ადგილების დატოვების შემდეგ პედაგოგები, მოსწავლეებთან ერთად, მოხალისეობრივ სამუშაოებში ჩაერთნენ. ასობით მათგანი მოქალაქეების სატელეფონო ზარებს პასუხობდა, მონაწილეობდნენ საწოლების აწყობაში პაციენტებისათვის და პირბადეების დამზადებაში ექიმებისთვის.

“ესპანური” გრიპი, რომელიც 1918-20 წლებში მძვინვარებდა, ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელ ვირუსადაა აღიარებული. ინფიცირებულთა რიცხვმა 500 მილიონს მიაღწია, დაღუპულთა რაოდენობა კი 20-დან 50 მილიონამდე მერყეობს. უშუალოდ აშშ-ში გრიპით 675 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა.

მთავარ ფოტოზე: ფლორიდელი მოსწავლეები “ესპანური გრიპის” პანდემიის დროს. 1918 წელი. ფოტო: ფლორიდის შტატის არქივი