ახალი ამბები

მსოფლიოს კინოფესტივალები YouTube-ზე უფასო, 10-დღიან კინომარათონს მოაწყობენ

28 აპრილი, 2020 • 1246
მსოფლიოს კინოფესტივალები YouTube-ზე უფასო, 10-დღიან კინომარათონს მოაწყობენ

მსოფლიოს 20 კინოფესტივალზე მეტი შეთანხმდა, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის მიზეზით კინოთეატრები დაიხურა და კინოფესტივალებიც გაუქმდა, YouTube-ზე უფასოდ გაუშვებს კინოფილმებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, 10-დღიან ინტერნეტ-ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან ბერლინის, კანის, ტორონტოს, ვენეციის, ტრიბეკას, სანდენსის და სხვა კინოფესტივალები.

ამავე დროს, „გარდიანის“ ცნობით, 10-დღიან YouTube-სტრიმზე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური, მუსიკალური, კომედიური და სხვა ტიპის ფილმები. თუმცა დეტალური პროგრამა ჯერ არაა ცნობილი. როგორც მედიასაშუალება ვარაუდობს, დიდი ალბათობით, მოსალოდნელი არ არის, რომ ონლაინ უჩვენებენ იმ ძირითად ფილმებს, რომელთა ჩვენებაც გაუქმებულ ფესტივალებზე იყო დაგეგმილი.

უკვე ცნობილია, რომ მაისში დაგეგმილი კანის კინოფესტივალი გაუქმდა, ხოლო ბუნდოვანია სექტემბერში ჩასატარებელი ვენეციისა და ტორონტოს კინოფესტივალების გამართვის საკითხი.

ჯეინ როზენთალის, ნიუ-იორკის ტრიბეკას კინოფესტივალის თანადამფუძნებლის განცხადებით, ღონისძიების მიზანია, გააერთიანოს ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით, რადგან „მთელ მსოფლიოს ახლა [ჭრილობების] მოშუშება სჭირდება“.

„YouTube-ფესტივალზე“ დასწრება უფასო იქნება, მაგრამ მაყურებლებს მიმართავენ თხოვნით, ფული შესწირონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის COVID-19-ის სოლიდარობის ფონდს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი