ახალი ამბები

სერჟ ტანკიანმა ნიკოლ ფაშინიანის ტექსტზე სიმღერა დაწერა

27 აპრილი, 2020 • 1413
სერჟ ტანკიანმა ნიკოლ ფაშინიანის ტექსტზე სიმღერა დაწერა

ცნობილი სომხურ-ამერიკული ბენდის, System of a Down-ის დამფუძნებელმა და ვოკალისტმა სერჟ ტანკიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ტექსტზე ახალი სიმღერა დაწერა.

მუსიკოსმა ახალი სინგლის გამოშვება დაამთხვია სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღეს, 24 აპრილს. სიმღერის სახელია „ჰაიასტანი“, რაც სომხურად „სომხეთს“ ნიშნავს.

როგორც მუსიკოსი წერს, მიღებული შემოსავალი მთლიანად გადაერიცხება ნიკოლ ფაშიანიანის მეუღლის, ანა ჰაკობიანის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ორგანიზაციას, „ჩემ ნაბიჯს“ (იგივე სახელი ჰქვია ფაშინიანის პოლიტიკურ ალიანსს).

„პანდემიისა და ჩაკეტილობის ამ რთულ პერიოდში გვინდოდა, სომეხი ხალხისთვის საჩუქარი გაგვეკეთებინა — იმედი… სიმღერით მიღებული შემოსავლების 100% გადაეცემა ფაშინიანის დაფუძნებულ ფონდს.

როგორც ტანკიანი ამბობს, ეს არის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც „სათავეში უდგას ინიციატივებს სომხეთში ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სოციალური კეთილდღეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით და წინა ხაზზეა Covid-19-ის კრიზისის შედეგებთან ბრძოლაში“. როგორც სომხეთის საზოგადოებრივი რადიო იუწყება, ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა მუსიკოსს.

ეს არ არის სერჟ ტანკიანის პირველი სომხურენოვანი სიმღერა: 2016 წლის მაისში, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის გარშემო რამდენიმედღიანი ომიდან ერთი თვის შემდეგ, ტანკიანმა გამოუშვა სიმღერა, სახელად „არწახი“.

„არწახი“ ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის სომხური სახელმწოდებაა, რომელსაც იქაური მცხოვრებლებისა და სომხეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უწოდებს. ტანკიანმა ამ ვიდეოთი კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა ყარაბაღის დამოუკიდებლობას. მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანი და გაეროს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა სომხეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს.

2018 წელს, როდესაც ნიკოლ ფაშინიანი ჯერ კიდევ არ იყო გავლენიანი პოლიტიკოსი და მისი დაწყებული საპროტესტო ტალღის წარმატებისა ცოტას თუ სჯეროდა, სერჟ ტანკიანმა მას მხარდაჭერა გამოუცხადა კორუფციულ რეჟიმთან მშვიდობიან ბრძოლაში.

ნახეთ ასევე:

სომხეთის სასამართლო – ყოფილი პრეზიდენტების ბასტილია?

მასალების გადაბეჭდვის წესი