ახალი ამბები

იშვიათი დაავადება ბავშვებში, შესაძლო კავშირით COVID-19-თან – ექიმების გაფრთხილება ინგლისში

28 აპრილი, 2020 • 2954
იშვიათი დაავადება ბავშვებში, შესაძლო კავშირით COVID-19-თან – ექიმების გაფრთხილება ინგლისში

დიდ ბრიტანეთში ბავშვები ავადდებიან იშვიათი სინდრომით, რომელიც, შესაძლოა, Covid-19-თან იყოს დაკავშირებული. სიმპტომთა ეს კომბინაცია მოიცავს ტკივილს მუცელში, ასევე, ჩივილებს კუჭ-ნაწლავსა და გულზე. ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა (NHS) ექიმები უკვე გააფრთხილა.

დაავადებული ბავშვების ნაწილის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მათ ინტენსიურ განყოფილებებში დასჭირდათ მკურნალობა. შემთხვევების ზუსტი რაოდენობა უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ საერთო რიცხვი დიდი არ არის, NHS-ის ხელმძღვანელობამ ექიმებს მისი არსებობის შესახებ წერილობით აცნობა და შესაბამისი რეკომენდაციები მისცა.

“ბოლო სამი კვირის მანძილზე ლონდონსა და დიდი ბრიტანეთის სხვა რეგიონებში შეინიშნება რაოდენობის ზრდა ყველა ასაკის ბავშვებისა მრავალსისტემური ანთებითი მდგომარეობით, რომელიც ინტენსიურ მკურნალობას მოითხოვს”,  – წერია წერილში.

NHS-ის თანახმად, სინდრომი ხასიათდება როგორც ტოქსიკური შოკის, ისე ატიპური კავასაკის დაავადების მსგავსი/საერთო სიმპტომებით და სისხლის მონაცემები შეესაბამება მძიმე ფორმებით მიმდინარე COVID-19-ის შემთხვევათა მონაცემებს. 

კავასაკის სინდრომი მწვავე დაავადებაა ცხელებით, რომელიც სისხლძარღვებს აზიანებს.

“…არის მზარდი შეშფოთება, რომ დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ბავშვებში SARS CoV-2-თან (Covid-19) დაკავშირებული ანთებითი სინდრომი ვლინდება. ეს ასევე შეიძლება იყოს სხვა, ამ დრომდე არაიდენტიციფირებული ინფექციური პათოგენი, ასოცირებული ამ შემთხვევებთან”, – აღნიშნავს ორგანიზაცია.

მიუხედავად ახალი სინდრომის კომპლექსურობისა, ექიმები საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. ბავშვებისა და ახალგაზრდების საკითხთა მიმართულებით NHS-ის კლინიკური დირექტორი CNN-ს ეუბნება, რომ კავასაკის მსგავსი დაავადებები ძალიან იშვიათია, თუმცა მნიშვნელოვანია, ექიმებმა ამის შესახებ იცოდნენ და დროულად დაეხმარონ ბავშვებს.

პედიატრიისა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამეფო კოლეჯის პროფესორი კი ხაზს უსვამს, რომ ბავშვების შემთვევაში არც თავად COVID-19-ია დიდი მასშტაბებით გავრცელებული, თუმცა, თუ მშობელი რაიმე მიზეზით შეშფოთებულია შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, სწრაფად უნდა მიმართოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

“ნეტგაზეთთან” საუბრისას როგორც იაშვილის სახელობის კლინიკის, ისე ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ბავშვებში სიმპტომთა  მსგავსი კომბინაცია მათთან არ გამოვლენილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი