ახალი ზელანდიის მთავრობა აცხადებს, რომ Covid-19-ის შიდა გადაცემა შეაჩერა და შეზღუდვების გამარტივებას იწყებს. პრემიერ-მინისტრ ჯასინდა არდერნის თქმით, ვირუსი “ამჟამად აღმოფხვრილია”, თუმცა მაინც აუცილებელია, მოსახლეობამ სოციალური კონტაქტებისაგან თავის შეოკავოს.
“ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, მაგრამ არ ვხსნით ადამიანების სოციალურ ცხოვრებას”, – ციტირებს პრემიერს BBC. მისივე თქმით, “ახალ ზელანდიაში [ვირუსის] ფართო, არაიდენტიფიცირებული შიდა გადაცემა არ გამოვლენილა”.
“ჩვენ მოვიგეთ ბრძოლა”, – დაამატა მან, თუმცა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანამ “სიფხიზლე უნდა შეინაჩუნოს”.
ვითარების დასტაბილურებასთან ერთად, სამშაბათიდან ქვეყანაში ნაწილობრივ განახლდება ჯანმრთელობის დაცვის, საგანმანათლებლო და ბიზნესსექტორის მუშაობა. თუმცა მოსახლეობის დიდ ნაწილს მაინც მოეთხოვება, კვლავ დარჩეს სახლში და თავიდან აირიდოს სოციალური ურთიერთობები.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ახალ ზელანდიაში Covid-19-ის ერთი შემთხვევაც არ დადასტურდა, ერთი ადამიანი კი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულთა სიას 38 ადამიანი დაემატა.
ახალმა ზელანდიამ ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ძალიან მკაცრი ზომები ჯერ კიდევ პანდემიის ადრეულ ეტაპზე მიიღო, როცა ქვეყანაში Covid-19-ის რამდენიმე ათეული შემთხვევა ფიქსირდებოდა. ჩაიკეტა საზღვრები, ქვეყანაში შესული ყველა ადამიანი კარანტინში გადაჰყავდათ, მოსახლეობას სახლების დატოვება აეკრძალა და დაიწყო ფართო ტესტირება ვირუსზე.
პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ გზით ახალმა ზელანდიამ “ყველაზე უარესის” თავიდან აცილება მოახერხა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში Covid-19-ის 1 500 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსს 19 ადამიანი ემსხვერპლა. ახალი ზელანდიის მოსახლეობა 4.9 მილიონს აღწევს.