ახალი ამბები

იტალია შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს

27 აპრილი, 2020 • 1397
იტალია შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს

საყოველთაო კარანტინის გამოცხადებიდან 2 თვის შემდეგ, იტალია Covid-19-ის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტიმ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.

კონტის თქმით, ქვეყანა კრიზისის “მეორე ფაზაში” შედის, რაც გულისხმობს 4 მაისიდან საკარანტინე ზომების გარკვეულწილად შემსუბუქებას. ბიზნესების ნაწილი გაიხსნება, გადაადგილება კი, რიგ შემთხვევებში, შესაძლებელი გახდება.

“ჩვენ ვიცხოვრებთ ამ ვირუსთან ერთად და უნდა მივიღოთ სიფრთხილის ყველა შესაძლებელი ზომა”, – ციტირებს პრემიერს სააგენტო “როიტერი”.

BBC-ის ცნობით, მთავრობის გეგმა, დაიწყოს შეზღუდვების გამარტივება, ამ ეტაპზე გულისხმობს შემდეგს:

  • ადამიანებს შეეძლებათ გადაადგილდნენ, თუმცა, მხოლოდ იმ რეგიონების ფარგლებში, რომლებშიც ცხოვრობენ.
  • პანაშვიდები კვლავ დაიშვება, თუმცა, ღია სივრცეში და არაუმეტეს 15 ადამიანის მონაწილეობით.
  • სპორტსმენებს შეეძლებათ, ინდივიდუალურად ივარჯიშონ. სპორტულ აქტივობებზე შეზღუდვები რიგითი მოქალაქეების შემთხვევაშიც იხსნება.
  • ბარები და რესტორნები 4 მაისიდან კვლავ აამოქმედებენ მიტანის სერვისს, თუმცა საკვები უნდა გაიხსნას სახლში ან ოფისში.
  • სალონების გახსნა, ასევე, ბარებსა და რესტორნებში ადგილზე სადილობის სერვისის აღდგენა პირველი ივნისიდან არის მოსალოდნელი.
  • საცალო მაღაზიები მუზეუმებთან და ბიბლიოთეკებთან ერთად 18 მაისს გაიხსნება.
  • სპორტულ გუნდებს ჯგუფური ვარჯიში 18 მაისიდან შეეძლებათ.

იტალიის მთავრობამ შეზღუდვების ამგვარად გამარტივება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბოლო კვირების მანძილზე ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ მკვეთრად იკლო. კვირას, 26 აპრილს, Covid-19-ით 260 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა ჯამური ოდენობა კი 26 644-ია.  ქვეყანაში სულ აღრიცხულია ვირუსის 197 675 შემთხვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი