ახალი ამბები

თეთრიწყაროში Covid-19 კლინიკის 19 თანამშრომელს დაუდგინდა

26 აპრილი, 2020 • 1419
თეთრიწყაროში Covid-19 კლინიკის 19 თანამშრომელს დაუდგინდა

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, თეთრიწყაროში დღეს გამოვლენილი 19-ვე შემთხვევა სამედიცინო პერსონალს უკავშირდება — ინფიცირებულები ადგილობრივი კლინიკის თანამშრომლები არიან; დღესვე 24 საათით დაიხურა აღნიშნული კლინიკა (ამბულატორია).


25 აპრილს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ ადგილობრივი საავადმყოფოს ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

26 აპრილს 11:00 საათისთვის თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა, კახა ბეროზაშვილმა განაცხადა, რომ თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ამ კლინიკაში მკურნალობენ და მას დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნება.

26 აპრილს 12:00 საათისთვის ცნობილი გახდა, რომ ბოლო 24 საათის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 35-ით გაიზარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ 14:00 საათზე ბრიფინგზე განაცხადა:

„[თეთრწყაროში] სამწუხაროდ ჩვენი კოლეგები არიან ძალიან ბევრნი, დაახლოებით 20 დადებითი შემთხვევა არის თეთრიწყაროში“.

„თეთრიწყაროში სამწუხაროდ არის შემთხვევები, ჩვენი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი და იქ მიმდინარეობს გაღრმავებული კვლევა, თუ რა პირობებში მოხდა მათი დასნებოვნება, პროფესიულ თუ საყოფაცხოვრებო პირობებში“, – თქვა იმნაძემ.

26 აპრილს რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა დააზუსტა, რომ მუნიციპალიტეტში ინფიცირების 19 შემთხვევა დადასტურდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია მათი ვინაობა.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, 19-ვე ინფიცირებული თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელია.

26 აპრილსვე ქალაქი თეთრიწყარო ჩაიკეტა და პოლიციის ბლოკპოსტი მოეწყო.

ამასთან, „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, დღესვე 24 საათით დაიხურა აღნიშნული კლინიკა და იქ კარანტინი გამოცხადდა.


პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ იმედი აქვს, რომ სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, ვირუსის დროული შეკავებას თეთრიწყაროშიც მოახერხებენ.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 21 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, უშუალოდ ქალაქ თეთრიწყაროში კი, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია, 3000-ზე მეტი.


26 აპრილის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა კიდევ 29-ით გაიზარდა და 485 შეადგინა. წინა დღეს, 25 აპრილს, 456 შემთხვევა დასტურდებოდა, — 25-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს.

ამასთან, 26 აპრილს დადასტურდა კიდევ ერთი, მე-6 პაციენტის გარდაცვალება.

უკანასკნელი სტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 485
    • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 139
    • მათ შორის გარდაცვლილი – 6
  • კარანტინის რეჟიმში – 4928
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

მასალების გადაბეჭდვის წესი