ახალი ამბები

რა ვიცით ჩრდ. კორეის ლიდერის ჯანმრთელობაზე? – ბოლო ცნობები

26 აპრილი, 2020 • 6755
რა ვიცით ჩრდ. კორეის ლიდერის ჯანმრთელობაზე? – ბოლო ცნობები

ბოლო დღეებში საერთაშორისო მედიასაშუალებებმა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს ცნობები ჩრდილოეთ კორეის უზენაესი ლიდერისა და ერთპიროვნული მმართველის, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობასა და მის გარდაცვალებაზეც კი.

„ნეტგაზეთმა“ თავი მოუყარა კიმ ჩენ ინის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ უახლოეს ცნობებს:

ვინ არის კიმ ჩენ ინი [მოკლედ]

კიმ ჩენ ინი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დახურული ქვეყნის — ჩრდილოეთ კორეის უზენაესი ლიდერია. იგი აგრეთვე ატარებს რესპუბლიკის მარშალის წოდებას. 

ის ქვეყნის პირველი პირი 2011 წელს გახდა, მას შემდეგ, რაც მამამისი, კიმ ჩენ ირი გულის შეტევით გარდაიცვალა.

მის დაბადების თარიღზე სხვადასხვა ინფორმაციაა ცნობილი: ან 1982, 1983, 1984 წლის 8 იანვარი, ან სულაც 1985 წლის 5 ივლისს.

ცნობები კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობაზე — ქრონოლოგიურად

21 აპრილს ამერიკულმა ტელეარხმა CNN-მა თავის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინის სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშ იყო გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ. 

CNN-ის ცნობით, კიმ ჩენ ინი ბოლოს საჯაროდ 11 აპრილს გამოჩნდა, ხოლო 15 აპრილს არ დაესწრო ბაბუამისის, ჩრდილოეთ კორეის პირველი მმართველისა და დამაარსებლის, კიმ ირ სენის იუბილის აღნიშვნას. 

იმავე დღეს გამოცემა Daily NK ავრცელებს ინფორმაციას, რომ კიმ ჩენ ინს გულზე ოპერაცია ჩაუტარდა — თავის წყაროზე დაყრდნობით გამოცემა იუწყება, რომ დიქტატორის ოპერაცია 12 აპრილს ჩატარდა, ხოლო მიზეზები იყო „ჭარბი წონა, მოწევა და ზედმეტი მუშაობა“. 

ამავე დროს, გამოცემა სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ კიმ ჩენ ინი ბაბუამისის იუბილის აღსანიშნავ ცერემონიას პირველად არ დაესწრო, თუმცა აღნიშნავს, რომ ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, მისი არდასწრება COVID-19-ის პანდემიით შეიძლება იყოს განპირობებული (თუმცა, ოფიციალური მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით დაავადების შემთხვევა არაა დაფიქსირებული).

სამხრეთ კორეული Yonhap News Agency კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობაზე აგრეთვე 21 აპრილს აქვეყნებს ინფორმაციას: თავის წყაროზე დაყრდნობით გამოცემა იტყობინება, რომ სამხრეთ კორეის მთავრობაში კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არანირი უჩველო სიტუაცია არ შეუმჩნევიათ.

22 აპრილს ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების ცენტრალური სააგენტო წერს, რომ კიმ ჩენ ინმა სირიის პრეზიდენტის მიერ კიმ ირ სენის იუბილის მოსალოც წერილს უპასუხა.

23 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ინფორმაცია კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობაზე არასწორია. იმავე დღეს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ არ იცოდა არაფერი, რაც მათთვის შეეძლო ეთქვა, მაგრამ აღნიშნა, რომ აშშ სიტუაციას აკვირდებოდა

უკვე 25 აპრილს სააგენტო Reuters სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეაში სამედიცინო ექსპერტები მიავლინა, რათა მათ კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის შესახებ ადგილობრივი ექიმებისთვის რჩევები მიეცათ. 

გარდა ამისა, გამოცემასთან საუბარში სამხრეთ კორეაში მყოფი წყარო აცხადებს, რომ შესაძლოა, პარასკევს კიმ ჩენ ინი საჯაროდ გამოჩნდეს, ხოლო აშშ-ის დაზვერვასთან ახლოს მყოფი წყარო ამბობს, რომ მართალია, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის პრობლემებზე აქამდეც იყო ცნობილი, არ არსებობს მიზეზი ვივარაუდოთ, რომ იგი მძიმედ ავადაა ან არ შეუძლია საჯაროდ გამოჩნდეს.

Reuters აგრეთვე წერს, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა კიმ ჩენ ინი საჯაროდ დიდი ხნის განმავლობაში არ ჩნდება — 2014 წელს, გამოცემის ცნობით, კიმ ჩენ ინი ერთი თვის განმავლობაში არ ჩანდა, ხოლო შემდეგ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში იგი კოჭლობით დადიოდა.

26 აპრილს TV Chosun იტყობინება, რომ ჩრდილოკორეულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა მუშებს გამამხნევებელი შეტყობინება გაუგზავნა. 

იმავე დღეს ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების ცენტრალური სააგენტო წერს, რომ რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა, გენადი ზიუგანოვმა კიმ ჩენ ინს ტელეგრამა გაუგზავნა. 

რა მოხდება კიმ ჩენ ინის გარდაცვალების შემთხვევაში?

მთავარი საკითხი კიმ ჩენ ინის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრის როლი იქნება. 

ჩრდილოეთ კორეას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ქვეყნის დაარსებიდან ერთი ოჯახის 3 წევრი მართავდა — კიმ ირ სენი (დამფუძნებელი), კიმ ჩენ ირი (დამფუძნებლის შვილი) და კიმ ჩენ ინი (დამფუძნებლის შვილიშვილი და მოქმედი ლიდერი).

თუმცა, კიმ ირ სენის და კიმ ჩენ ირის გარდაცვალებისას მათი შვილები უკვე ზრდასრულები იყვნენ მაშინ, როცა კიმ ჩენ ინის ყველაზე ზრდასრული შვილი, Reuters-ის ცნობით, მხოლოდ 10 წლისაა.

გამოცემის ცნობით, კიმ ჩენ ინის გარდაცვალების შემთხვევაში, რამდენიმე სცენარის განვითარებაა შესაძლებელი — კიმ ჩენ ინის დამ კიმ იონგ უნმა, შესაძლოა, დროებით აიღოს თავის თავზე „რეგენტის“ როლი, სანამ კიმ ჩენ ინის შვილებიდან რომელიმე ზრდასრულ ასაკს მიაღწევს.

აგრეთვე, გამოცემა იუწყება, რომ შესაძლოა, ლიდერის ფუნქცია პარტიულმა ჩინოვნიკებმა იკისრონ.

Reuters ასევე წერს, რომ რაღაც გავლენა შეიძლება მოიპოვონ კიმ ჩენ ინის უფროსმა ძმამ, რომელიც არაა დაინტერესებული ქვეყნის მართვით და მისმა მამიდამ, რომელიც კიმ ჩენ ირის მმართველობისას ძლიერი ფიგურა იყო, თუმცა აღარაა აქტიური მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ ინის ბრძანებით მისი მეუღლე სიკვდილით დასაჯეს.

მთავარ ფოტოზე: კიმ ჩენ ინი ესწრება ბაბუამისი, კიმ ირ სენის იუბილის აღნიშვნის ღონისძიებას. ფოტო: EPA-EFE/KCNA

ამბის გაგრძელება

კიმ ჩენ ინი, შესაძლოა, Covid-19-სგან იცავდეს თავს – The Guardian

მასალების გადაბეჭდვის წესი