ნეტგაზეთი | გელაშვილმა უკრაინელ დეპუტატებს მისი დაზიანებების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა გაუგზავნა გელაშვილმა უკრაინელ დეპუტატებს მისი დაზიანებების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა გაუგზავნა – Netgazeti

გელაშვილმა უკრაინელ დეპუტატებს მისი დაზიანებების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა გაუგზავნა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვალერი გელაშვილმა უკრაინელ კოლეგებს, „ვერხოვნა რადას“ დეპუტატებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთნ დაკავშირებით წერილით მიმართა.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფომაციით, დეპუტატი უკრაინელ კოლეგებს წერს, რომ ვიდრე 30 აპრილს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნასთნ დაკავშირებით კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას, მათ უნდა იცოდნენ, ვის უყრიან კენჭს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე.

ვალერი გელაშვილი წერს, რომ სააკაშვილის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული ორი განაჩენი და იგი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ  ცნობილია ორივე სისხლის სამართლის საქმეზე , რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ თავად ვალერი გელაშვილს და მის ოჯახს ეხება.

ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე საქართველოს მიხეილ სააკაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

„მე ვარ ის ადამიანი, ვინც სააკაშვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა! 2005 წელს საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი გახლდით, დეპუტატი, რომელისგანაც ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი ახირებების ასასრულებლად ჩემი საცხოვრებელი სახლის დათმობას მოითხოვდა. პრაქტიკულად, მართმევდა სახლს, რაზეც წინააღმდეგობა გავუწიე და პრესაში გავაკრიტიკე, სანაცვლოდ მან სასიკვდილოდ გამწირა! მომიგზავნა  ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებად გადაქცეული უშიშროების დანაყოფის წევრები და ჩემზე პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, დღისით, მზისით, დედაქალაქის ცენტრში ძალადობრივი თავდასხმა მოაწყობინა, რომლის დროსაც უმძიმესი დაზიანებები მივიღე და სრულიად შემთხვევით გადავურჩი სიკვდილს“, – წერს გელაშვილი და წერილს თან ურთავს იმ დაზიანებების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას, რომელმაც მაშინ პრესაში გავრცელდა.

ვალერი გელაშვილი წერს, რომ სააკაშვილმა ესეც არ აკმარა და გამოგონილი მიზეზით, დეპუტატის მანდატი ჩამოართვა და პოლიტიკური საქმიანობა პრაქტიკულად აუკრძალა. გელაშვილი დასძენს, რომ მისი ისტორია არ არის საგამონაკლისი  და ის იმ ათობით ათას ქართველს მიეკუთვნება, ვისაც სააკაშვილის მმართველობამ “არნახული ტერორი გამოატარა, არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, გააუბედურა ათასობით ოჯახი, ბიზნესი და ქონება წაართვა პრაქტიკულად ყველას, ვინც მას არ შეეკრა. საქართველოს ციხეები გადაავსო  ნაწამები პატიმრებით”.

წერილში ნათქვამია, რომ ამ საქმეების გარდა სააკაშვილი იმხილება უმძიმეს კორუფციულ დანაშაულებში, იგი ოფიციალურად არის ბრალდებული 8 მილიონზე მეტი საბიუჯეტო სახსრების მითვისებაში.

„უკანასკნელ წლებში ბევრი რამ შეიცვალა როგორც პირადად ჩემს, ისე ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, თუმცა, მერწმუნეთ, არსებობს ჭრილობები, რომლებიც არასდროს ხორცდება, ჭრილობები, რომელიც სააკაშვილმა პირადად მე და ჩვენს ქვეყანას მიაყენა. დაბეჯითებით გთხოვთ, ნუ მიაყენებთ უკრაინელ ხალხს და სახელმწიფოს იმავე ჭრილობებს, ნუ აკადრებთ საკუთარ სამშობლოს ამ შეშლილ კრიმინალს მთავრობის ვიცე-პრემიერად… თქვენ ხომ რადაში აგირჩიათ და  მანდატი მოგცათ იმ ხალხმა, რომლის წინაშე წარდგომა სააკაშვილმა, ნულოვანი რეიტინგის გამო, ვერც გაბედა და სწორადაც ვერ გაბედა, რადგან იმავე ხალხმა სააკაშვილის პარტიისთვის 0,4% პროცენტზე მეტი არ გაიმეტა? მაშ რატომ იმეტებთ ამ ხალხს სააკაშვილისთვის?”, – წერს გელაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით უკრაინის ვერხოვნა რადას წერილი მისწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემაც და თქვა, რომ სააკაშვილის დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობას შეარყევს.

თალაკვაძის წერილი რადას სპიკერს: სააკაშვილის დანიშვნა ურთიერთნდობას შეარყევს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.