უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატისა და „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარის, დავიდ არახამიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის რიტორიკა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემირად დანიშვნა კატეგორიულად მიუღებელია, „არასწორად“ მიაჩნია. მისი ქმით, „უკრაინა სუვერენული ქვეყანაა, რომელსაც ვერავინ ეტყვის, ვინ დანიშნოს ვიცე-პრემიერად და ვინ არა“. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ და ვერავინ გეტყვის, ვინ დავნიშნოთ ვიცე-პრემიერად და ვინ არა. მიმაჩნია, რომ აბსოლოტურად არასწორი რიტორიკაა“, — აღნიშნავს იგი.
გარდა ამისა, არახამიამ განაცხადა, რომ „დიპლომატიური პრობლემების“ შემთხვევაში „საქართველო აშშ არაა“ და „უკრაინაზე ძლიერი ვერ იქნება“
„თუ დიპლომატიური პრობლემები გვექნება, საქართველო ჩვენზე ძლიერი არ იქნება. ეს ხომ აშშ არაა, დიპლომატიური პრობლემები გექნებათო. ეს საქართველოა. ამას ნუ დავივიწყებთ“, — აცხადებს არახამია.
საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, არახამის თქმით, ზეწოლის მცდელობაა, ხოლო ტურისტების რაოდენობით საქართველოში უკრაინამეორე ქვეყანა იყო და „საქართველოს არ ენდომება ამ ნაკადის დაკარგვა“.
„მე თვითონაც ქართველი ვარ და კარგად მესმის, როგორ აღიქმება სააკაშვილი ამჟამინდელ ხელისუფლებაში. ეს უბრალოდ რაღაც ზეწოლის მოხდენის მცდელობაა.
ქართველებთან საერთო ენას ნამდვილად ვიპოვით, მოძმე ხალხები ვართ; საქართველო ძალიან სტუმართმოყვარე ქვეყანაა. თუ არ ვცდები, უკრაინა კარანტინამდე ტურისტულ ნაკადში მეორე ადგილს იკავებდა და საქართველოს არ ენდომება ამ ნაკადის დაკარგვა იმიტომ, რომ ვიღაცამ ვიღაც სადღაც დანიშნა“, — განაცხადა არახამიამ.
აქამდე, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის ვიცე-პრემიერად „კატეგორიულად მიუღებელი იყო“ და ამ დანიშვნის შემთხვევაში, საქართველო, როგორც მინიმუმ, ელჩს კონსულტაციებისთვის გამოიწვევდა, ხოლო უკრაინაში საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ განაცხადა, რომ ეს დანიშვნა „დიდი ალბათობით თბილისში აღქმული იქნება, როგორც არამეგობრული და მიუღებელი ნაბიჯი სტრატეგიული პარტნიორისგან“.
ფოტოზე: დავიდ არახამია. ფოტო: sbu.ua