ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაიდენი სომეხთა გენოციდის აღიარების პირობას დებს

25 აპრილი, 2020 • 1632
ბაიდენი სომეხთა გენოციდის აღიარების პირობას დებს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან ჯო ბაიდენი ამბობს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში სომეხთა გენოციდს აღიარებს.

“ჩემი არჩევის შემთხვევაში, პირობას ვდებ, მხარი დავუჭირო რეზოლუციას სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ და ადამიანის საყოველთაო უფლებები მთავარ პრიორიტეტად დავისახო”, – წერს ბაიდენი Twitter-ზე.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ისევე როგორც მისმა წინამორბედები, სომეხთა გენოციდის აღიარებისგან თავს იკავებს.

საარჩევნო კამპანიების დროს, სომხეთის სათვისტომოებს გენოციდის აღიარებას 2000 წელს – ჯორჯ ბუში, 2008 წელს კი ბარაკ ობამაც შეჰპირდნენ, თუმცა ეს არ გაუკეთებიათ.

2019 წლის ბოლოს აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ.


1915-18 წლებში ოტომანთა იმპერიის ორგანიზებული მასობრივი გადასახლებისას აღმოსავლეთ ანატოლიიდან სირიის უდაბნოსა და სხვა ტერიტორიებზე ასობით ათასობით სომეხი დაიღუპა. მათი ნაწილი დახოცეს, ნაწილი კი შიმშილისა და ავადმყოფობებისგან დაიღუპა.

უამრავი ისტორიკოსი, სახელმწიფო და სომეხი ხალხი ამ პროცესს გენოციდს უწოდებს. თურქეთი არ უარყოფს, რომ დანაშაული იყო ჩადენილი, თუმცა ეწინააღმდეგება ტერმინ გენოციდის გამოყენებას და აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედებები არ ყოფილა „სომეხი ხალხის განადგურების სისტემური მცდელობა“.

სომხეთის თანახმად, ამ პერიოდს 1.5 მილიონი სომეხი ემსხვერპლა, თურქეთიკი  300 000 ადამიანის დაღუპვაზე საუბრობს. გენოციდის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციის (IAGS) თანახმად, დაღუპულთა რიცხვი მილიონზე მეტია. სომხები გენოციდს საკუთარი ტერმინითაც მოიხსენიებენ: „მეც იეღერნ“, რაც „დიდ დანაშაულს“ ნიშნავს.

სომეხთა გენოციდი არც საქართველოს აქვს ოფიციალურად აღიარებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი