ახალი ამბები

თალაკვაძის წერილი რადას სპიკერს: სააკაშვილის დანიშვნა ურთიერთნდობას შეარყევს

25 აპრილი, 2020 • 2625
თალაკვაძის წერილი რადას სპიკერს: სააკაშვილის დანიშვნა ურთიერთნდობას შეარყევს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ უკრაინის ვერხოვნა რადას სპიკერს დმიტრო რაზუმკოვს საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით წერილით მიმართა.

არჩილ თალაკვაძის წერილს საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინელ კოლეგას სწერს, რომ დიდად აფასებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც ურთიერთგეგებას ეფუძნება.

“სწორედ ეს განსაკუთრებული ურთიერთობა მაძლევს უფლებას, წერილით მოგმართოთ თქვენ და ჩემს კოლეგებს “ვერხოვნა რადაში”, რათა ჩვენი წუხილი გაგიზიაროთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით”, – წერს თალაკვაძე.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ქართულმა სასამართლოებმა დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის რიგი სერიოზული ბრალდებებით და სააკაშვილს ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა მისი ადმინისტრაციის პირობებში ადამიანის უფლებათა სისტემურ ჩავარდნებზე, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, საკუთრების უფლებების დარღვევებზე და თავისუფალი არჩევნების ჩატარების საფრთხეში ჩაგდებაზე.

“მისი შესაძლო დანიშვნა შეარყევს ურთიერთნდობას ჩვენს სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებს შორის, ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას ჩვენს მთავრობებს შორის და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას. ჩვენ ბევრი საერთო გამოწვევა და მიზანი გვაქვს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით. გწერთ, რადგან მჯერა, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უნდა იცოდნენ ეს გარემოებები და ესმოდეთ ჩვენი შეშფოთების საფუძველი, რომელიც უკრაინელი კოლეგებისთვისაც უნდა იყოს ცნობილი გადაწყვეტილების მიღებამდე”, – ნათქვამია წერილში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზეს. უკრაინის რადაში ფრაქცია “სლუგა ნაროდას” წევრებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მას უკრაინისთვის თანხების მოზიდვაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები დაავალა.

 

უკრაიანას ვერავინ ეტყვის, ვინ დანიშნოს ვიცე-პრემიერად და ვინ არა — რადას დეპუტატი

მასალების გადაბეჭდვის წესი