ახალი ამბები

კატეგორიულად მიუღებელია — გახარია სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნაზე

24 აპრილი, 2020 • 2854
კატეგორიულად მიუღებელია — გახარია სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნაზე

გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის ვიცე-პრემიერად რეფორმების საკითხში კატეგორიულად მიუღებელი იქნება და ქართული მხრის მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

„მინდა გითხრათ, რომ უკრაინელი არის ჩვენთვის მოძმე ხალხი. უკრაინული სახელმწიფო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამას გრძელვადიან პერსპექტვიაში ვერაფერი შეცვლის. ვერაფერი, ვერანაირი ვიწრო პოლიტიკური კონიუნქტურა. თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილის დანიშვნა ვიცე-პრემიერად ჩვენთვის კატეოგრიულად მიუღებელია, ისევე როგორც ჩემთვის პირადად კატეგორიულად მიუღებელია ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის უკრაინის რომელიღაც რესტორანში თმებით თრევა და ომონის თუ პოლიციის სახით იქიდან გამოყვანა“.

გარდა ამისა, გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო, ამ დანიშვნის შემთხვევაში, რეაგირებას მოახდენს. მათ შორის, როგორც მინიმუმ, ელჩს კონსულტაციებისთვის გამოიწვევს:

„რა თქმა უნდა, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება. ჩვენ ჯერ ელჩი არ გამოგვიწვევია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტიელბა იქნება მიღებული, ელჩს, როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ“.


მანამდე, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობის დაკავების შეთავაზება მიიღო.

პარასკევს, 24 აპრილს სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც განაცხადა, რომ უკვე შეხვდა რადაში ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის წევრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი