ახალი ამბები

აშშ-მა შესაძლოა WHO-ს დაფინანსება აღარასდროს აღადგინოს — პომპეო

24 აპრილი, 2020 • 1154
აშშ-მა შესაძლოა WHO-ს დაფინანსება აღარასდროს აღადგინოს — პომპეო

აშშ-ის სახელმწიფოს მდივანის, მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ-მა შესაძლოა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება აღარასდროს აღადგინოს და ორგანიზაციის ალტერნატივის შექმნაზეც იმუშაოს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, პომპეომ განაცხადა, რომ საჭირო იქნება „ჯანმოს სტრუქტურული [პრობლემების] მოგვარება]“.

კითხვაზე, სურდა თუ არა, ორგანიზაციის ხელმძღვანელობა შეცვლილიყო, პომპეომ უპასუხა: „უფრო მეტიც, შეიძლება, აშშ-ის გადასახადების გადამხდელთა ფული აღარასდროს წავიდეს WHO-ში“.

„თუ ინსტიტუტი მუშაობს და ფუნქციონირებს, აშშ ყოველთვის იქნება მისი ნაწილი. როცა ის თავის მოვალეობებს ვერ ასრულებს და რეალურად, სასურველ შედეგს ვერ დებს, ვიმუშავებთ პარტნიორებთან ერთად, რათა შეიქმნას სტრუქტურა, ფორმირება, მართვის მოდელი, რომელიც მართლაც შეასრულებს სასურველ მიზნებს“, — აღნიშნავს პომპეო.


აშშ-მა ჯანმოს დაფინანსება 15 აპრილს დროებით შეუჩერა. დონალდ ტრამპი, ენტონი ფაუჩი, მაიკ პომპეო და სხვა ამერიკელი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორგანიზაციამ ვერ მოახერხა კორონავირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე სხვა ქვეყნების ინფორმირება და ჩინეთს ინფორმაციის დამალვაში მიეხმარა.

ჯანმოში, თავის მხრივ, უარყოფენ ტრამპის განცხადებებს და მიიჩნევენ, რომ ჩინეთი ინფორმაციის გაზიარების მხრივ გამჭვირვალე და ღია იყო.

ჯანმოსთვის დაფინანსების აღდგენის მოთხოვნით გამოდიან აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი