ახალი ამბები

ტრამპს სურს გადაამოწმოს, სადეზინფექციო ხსნარის ორგანიზმში შეყვანით იკურნება თუ არა COVID-19

24 აპრილი, 2020 •
ტრამპს სურს გადაამოწმოს, სადეზინფექციო ხსნარის ორგანიზმში შეყვანით იკურნება თუ არა COVID-19

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს შესთავაზა გამოეკვლიათ, შეიძლება თუ არა კორონავირუსის დამარცხება სხეულში სადეზინფექციო ხსნარის შეყვანით. მან დაამატა, რომ ეს იდეა საინტერესოდ ჟღერს.

ხუთშაბათს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ბილ ბრაიანი პრეზენტაციით წარდგა. გამოსვლისას მან თქვა, რომ კორონავირუსი ყველაზე სწრაფად მზის პირდაპირ სხივში კვდება. მისივე თქმით, ასევე ეფექტიანია სადეზინფექციო ხსნარები, რომელიც კორონავირუსს 2 წუთიდან 30 წამამდე დროში კლავს.

ვიდეოში, რომელსაც NBC ავრცელებს, ჩანს, რომ გამოსვლის შემდეგ, ტრამპმა ბრაიანს ჰკითხა, თუ არის შესაძლებელი, ამ შუქის „სხეულის შიგნით შეტანა“ და დაამატა:

„როგორც დავინახე, სადეზინფექციო ხსნარი ანადგურებს მას [კორონავირუსს] ერთ ან ორ წუთში. და არის რაიმე გზა, რომლითაც ჩვენ იმავეს გაკეთება შეგვიძლია შიგნით [სხეულში] ინექციით ან თითქმის გაწმენდით? როგორც ჩანს, ის [კორონავირუსი] აღწევს ფილტვებში და მძიმედ აზიანებს მას. ამიტომ საინტერესო იქნებოდა ამის გადამოწმება“, – ამბობს ტრამპი.

მსოფლიოში კორონავირუსის დაახლოებით 2.7 მილიონი შემთხვევა დასტურდება. ყველაზე მეტად Covid 19-მა აშშ დააზიანა, რომელიც ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კორონავირუსი 800 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. აქედან, 49 963 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა -80 934 პირი.

შენიშვნა: კორონავირუსის შესაძლო წამალსა და ვაქცინაზე მსოფლიოში არაერთი კომპანია მუშაობს. ჯერჯერობით არ არსებობს წამალი ან ვაქცინა, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია Covid 19-ის წინააღმდეგ დაამტკიცებდა. ამ ეტაპზე ექიმები პაციენტებში ვირუსის მიერ გამოწვეულ სიმპტომებს ებრძვიან და მკურნალობის პროცესში სადეზინფექციო ხსნარი პაციენტების სხეულში არ შეჰყავთ, რადგან ეს სიცოცხლისთვის საშიშია. სადეზინფექციო ხსნარები სხვადასხვა საგნის ზედაპირების, ასევე, ხელების გარეგანი დამუშავებისთვის გამოიყენება და მისი ორგანიზმში რაიმე ფორმით მიღება დაუშვებელია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი