მოძრაობა “სირცხვილია”, პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” წევრების დაჯარიმებასა და დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება შერჩევით სამართალს ახორციელებს.
“სირცხვილიას” გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ის ფაქტი, რომ ხელისუფლება სარგებლობს შექმნილი მდგომარეობით და ახორციელებს შერჩევით სამართალს, ავტორიტარიზმის დამახასიათებელი დამღუპველი პრაქტიკაა:
“განურჩევლად იმისა, ვინ იზიარებს “გირჩის” მოთხოვნებს და ვინ – არა, ვის სურს შეზღუდვების გაუქმება, ვის – დატოვება და ვის – შეცვლა, თავად ფაქტი, რომ ხელისუფლება სარგებლობს შექმნილი მდგომარეობით და ახორციელებს შერჩევით სამართალს, როცა, მაგალითად, არ ეხება ჰიგიენის ნორმების ცალსახად დამრღვევ მრევლს, მაგრამ ძალის გამოყენებით აკავებს მშვიდობიან და დისტანცირებულ აქტივისტებს: არის ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი დამღუპველი პრაქტიკა”, – აცხადებენ მოძრაობაში.
განცხადების ავტორთა თქმით, ხელისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებებს არ ასაბუთებს, რამდენადაც ამ დრომდე არ წამოუდგენია კრიზისიდან გამოსვლის ეკონომიკური გეგმა. “სირცხვილიამ” მაგალითად მოიყვანა მსუბუქი ავოტმობილებით გადაადგილების შეზღუდვა, რომლის გამოც,ბევრმა ადამიანმა შემოსავლის წყარო დაკარგა. პოლიციას კი ადამიანების დაცვის ნაცვლად მათ დევნაში ადანაშაულებენ:
“პოლიცია, რომელსაც საგანგებო მდგომარეობაში ადამიანების დაცვის ნაცვლად მათი დევნა დაევალა, გადაჭარბებული ენთუზიაზმით აჯარიმებს დაკარგული ძაღლის საძებნელად, სახლის ეზოდან 40 ნაბიჯით დაშორებულ ადამიანს და გვერდიგვერდ მსხდომ მეუღლეებს. ხოლო დღეს უკვე იპოდრომზე აჯარიმებს 20 ადამიანზე მეტს და აკავებს პოლიტიკოსებს და აქტივისტებს. მაგრამ იგივე პოლიცია ამბობს, რომ ვერაფრით აღმოაჩინა წესების დარღვევა ეკლესიის ეზოში შეკრებილი ასობით ადამიანის შემთხვევაში” ,- ამბობენ მოძრაობაში.
“სირცხვილია” აღნიშნავს, რომ მთავრობა ახალ შეწღუდვებს ისე იღებს, არ თვლის საჭიროდ, მათი რაციონალურობა მოქალაქეებს აუხსნას და არც იმის შესახებ აწვდის ინფორმაციას, თუ როგორ აზღვევს ნეგატიურ გვერდით მოვლენებს:
“კრიზისთან მებრძოლი გმირების მანტიაში გამოხვეული მაღალჩინოსნები ღიზიანდებიან ნებისმიერი კრიტიკული კითხვის დასმისას, დასცინიან და აკრიტიკებენ ჟურნალისტებს, რომლებიც თავიანთი ჯანმრთელობის ფასად გვაწვდიან ინფორმაციას, რათა ინფორმაციულ ვაკუუმში არ აღმოვჩნდეთ”, – აცხადებენ განცხადების ავტორები.
“სირცხვილია” აღნიშნავს, რომ გონივრული შეზღუდვები რისკჯგუფებში მყოფი ადამიანების დასაცავად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მათ დაცვას, დაინფიცირების შემთხვევაში, არსებული ჯანდაცვის სისტემითა და რესურსებით ქვეყანა ვერ გაუმკლავდება:
“თუმცა ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობა და შერჩევითი სამართლის ასე თვალსაჩინო დაკანონება სრულად ანადგურებს სახელმწიფოებრიობის ცნებას და ვირუსის წინააღმდეგ აქამდე გაწეულ ბრძოლასაც წყალში ყრის. დღეს ხშირად გვესმის ფრაზა, რომ “პასუხისმგებლობა მოქალაქეებზეა”, რომ ახლა ვირუსთან ბრძოლა სახლში დარჩენითაა შესაძლებელი, მაგრამ ამის პარალელურად, მთავრობიდან არავინ გვესაუბრება იმაზე, როგორ უნდა ირჩინონ თავი ადამიანებმა, რომლებსაც მთავრობის საეჭვოდ არათანმიმდევრული ნაბიჯების შედეგად სამსახური დაკარგეს და სხვა ადამიანების ვირუსისგან დასაცავად – მტანჯველი შიმშილისთვის არიან განწირულები.
სანამ ჩვენ იმას ვადგენთ, უვიცობისგან მოსდით თუ ბოროტებისგან, ხელისუფლება თავდაუზოგავად ხარჯავს ადამიანურ, ფინანსურ თუ დროით რესურსს, პროტესტის დისკრედიტაციისთვის, განსხვავებული აზრის მარგინალიზებისთვის და მათი ბელადის, ბიძინა ივანიშვილის, რეალობას მოწყვეტილ ახირებათა მოტივებზე სამსჯელოდ, ნაცვლად რეალური ზრუნვისა” ,- აცხადებენ მოძრაობაში.
აქტივისტები აღნიშნავენ, რომ #დარჩისახლში მოწოდებების მიღმა ულუკმაპუროდ დარცენილი ადამიანები არიან:
“ძალიან გვიმარტივდება #დარჩისახლში მოწოდებების გაჟღერება დისტანციურად მომუშავე, სახლში თბილად მჯდომ ადამიანებს, რომელთაც წიგნების კითხვისთვის, ვარჯიშისთვის და ოჯახის წევრებთან ხარისხიანი ურთიერთობისთვის გამოვიყენეთ ეს შეზღუდვები, თუმცა საკუთარი კომფორტის ზონის მიღმა გახედვისას შეუძლებელია არ დავინახოთ ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანები, მოხუცები და ბავშვები, რომლებსაც ხელისუფლებამ პურის ნაცვლად სანახაობა შესთავაზა და ტიკტოკის ჰანგებზე აცეტებით მოცეკვავე ბიძინა ივანიშვილი მიუგდო დროის გასაყვანად”, – ამბობენ მოძრაობაში.