ახალი ამბები

იონათამიშვილი: სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნა უკრაინასთან ურთიერთობებს დაამძიმებს

23 აპრილი, 2020 •
იონათამიშვილი: სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნა უკრაინასთან ურთიერთობებს დაამძიმებს

“ქართული ოცნების” დეპუტატი რატი იონათამიშვილი ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად დაინიშნება, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გადახედვას არ გამორიცხავს

“თუ მართლა დაინიშნა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ვიცე-პრემიერად, ანუ ადამიანი, რომელიც არის ქართული მართლმსაჯულების მიერ ცნობილი დამნაშავედ და დღეს არის ძებნილი, ეს, ცხადია, ძალიან დაამძიმებს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს. მე არ გამოვრიცხავ, რომ დღის წესრიგში დადგეს დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვის საკითხი“, – თქვა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას ვიცე-პრემიერობა შესთავაზა. სააკაშვილის თქმით, დანიშვნის შემთხვევაში რეფორმების საკითხს ჩაიბარებს.

მანამდე სააკაშვილის დანიშვნის შესახებ რამდენიმე უკრაინული მედია წერდა. მაგალითად, უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიას „სლუგა ნაროდა“ მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნა უნდა.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის დანიშვნის საკითხს პარტიაში აქტიურად განიხილავენ. მათივე ინფორმაციით, უმაღლესმა რადამ სააკაშვილის დანიშვნა შესაძლოა პარასკევს, 24 აპრილსაც განიხილოს.

მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის არსებობის შესახებ „უკრაინსკა პრავდას“ დაუდასტურა „სლუგა ნაროდას“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ. ამასთანავე, სააკაშვილის პრესსამსახურმა გამოცემას უთხრა, რომ ვიცე-პრემიერობის შეთავაზება მან მართლაც მიიღო.

„სააკაშვილი, შესაძლოა, რეფორმების საკითხში ვიცე-პრემიერად დაინიშნოს. ჩვენ ახლა განვიხილავთ ამ საკითხს, რათა ვიცოდეთ დეპუტატების დამოკიდებულება, რომლებმაც საბოლოოდ კენჭი უნდა უყარონ“ ,- უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.

უკრაინის ვიცე-პრემიერობა შემომთავაზეს – სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი