ახალი ამბები

ან მთავრობა გადაიხდის შუა ადგილის ფულს, ან ფრენები არ იქნება – Ryanair-ის დირექტორი

23 აპრილი, 2020 • 1874
ან მთავრობა გადაიხდის შუა ადგილის ფულს, ან ფრენები არ იქნება –  Ryanair-ის დირექტორი

ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის გენერალური დირექტორის, მაიკლ ო’ლირის განცხადებით, კომპანია არ განახორციელებს ფრენებს, თუ თვითმფრინავში, „იდიოტური“ სოციალური დისტანცირების წესების დასაცავად შუა სავარძლების თავისუფლად დატოვება იქნება აუცილებელი. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ო’ლირიმ განაცხადა, რომ ეს ზომები „სისულელეა“, რომელსაც სასარგებლო ეფექტი არ ექნება, ხოლო თუ მთავრობები მაინც მოითხოვენ, რომ შუა სავარძელი ცარიელი იყოს, მაშინ კომპანიის ბიზნესმოდელი აზრს დაკარგავს და ფრენები არ განხორციელდება.

ო’ლირის თქმით, კომპანიამ უკვე განუცხადა ირლანდიის მთავრობას, რომ შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში, „ან მთავრობა გადაიხდის შუა სავარძლის ბილეთის ღირებულებას, ან ფრენები არ იქნება“.

„გარდიანი“ წერს, რომ კომპანიის ბიზნესმოდელი ხშირი ფრენების და დაბალი ფასების ხარჯზე რაც შეიძლება მეტი მგზავრის მოზიდვაა, ხოლო ო’ლირის განცხადებით, „66- პროცენტიან დატვირთულობაზე ფულს ვერ გააკეთებენ“.

„ასე რომც გააკეთოთ [მოითხოვოთ შუა სავარძლის თავისუფლად დატოვება], სოციალური დისტანცირება მაინც არ გამოვა, ამიტომ ეს რაღაც იდიოტური იდეაა, რომლითაც არაფერი მიიღწევა“, — ციტირებს ო’ლირის „გარდიანი“.

გამოცემის ცნობით, ო’ლირი მიიჩნევს, რომ ევროპის მთავრობებმა უსაფრთხოების სხვა ზომები დააწესონ — სავალდებულო გახადონ პირბადეების ტარება მგზავრებისთვის, ან აეროპორტში მათი ტემპერატურა შეამოწმონ.

ორგანიზაცია IATA — ავიაკომპანიების გაერთიანება აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო მხოლოდ 2020 წელს კომპანიებს 314 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი ექნებათ, ხოლო თვითმფრინავების დატვირთულობის შემცირების ნებისმიერი ზომა ბოლოს მოუღებს იაფ მიმოსვლას, რადგანაც კომპანიებს ფასების 50 პროცენტით გაზრდა ან საკუთარი თავის ბანკროტად გამოცხადება მოუწევთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი