ახალი ამბები

აშშ $3 ტრლნ-მდე ზრდის Covid-19-ის შედეგებთან საბრძოლველად გამოყოფილ თანხას

23 აპრილი, 2020 •
აშშ $3 ტრლნ-მდე ზრდის Covid-19-ის შედეგებთან საბრძოლველად გამოყოფილ თანხას

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატა დღეს იღებს კანონპროექტს, რომლითაც კორონავირუსის ეკონომიკურ შედეგებთან საბრძოლველად კიდევ 484 მილიარდ აშშ დოლარი გამოიყოფა.

Reuters-ის ცნობით, ამ ნაბიჯით ქვეყნის ხელისუფლების მიერ გამოყოფილი თანხა, ჯამში, 3 ტრილიონ აშშ დოლარამდე გაიზრდება.

აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ — სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ — 27 მარტს მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ახალი კორონავირუსის, COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შედეგების გასამკლავებლად 2 ტრილიონი დოლარი დაიხარჯებოდა.

ახალი კანონპროექტი, როგორც „როიტერსი“ წერს, სავარაუდოდ, ორმხრივი მხარდაჭერით გავა წარმომადგენელთა პალატაში. ის ორი დღის წინ მიიღო კონგრესის მეორე პალატამ, სენატმა. მიღების შემდეგ პალატა კანონპროექტს თეთრ სახლში გაგზავნის. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პირობა აქვს დადებული, რომ სწრაფად მოაწერს ხელს კანონს.

კანონით, — რომელიც Covid-19-ის კრიზისთან დაკავშირებით მეოთხე კანონია აშშ-ში, — დაფინანსება გამოეყოფათ მცირე ბიზნესებსა და საავადმყოფოებს, რომლებიც პანდემიის გამო ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგანან.

კორონავირუსით აშშ-ის 45 ათასამდე მოქალაქე დაიღუპა, 22 მილიონზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. Covid-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ჯამში, დადასტურებულია 855 000-ზე მეტი შემთხვევა.

https://netgazeti.ge/news/445881/

მასალების გადაბეჭდვის წესი