ახალი ამბები

სასურველია, ამბოლატორიულად ჩატარდეს უფრო მეტი ტესტი – სოლოღაშვილი

23 აპრილი, 2020 • 1422
სასურველია, ამბოლატორიულად ჩატარდეს უფრო მეტი ტესტი – სოლოღაშვილი

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, სასურველია, რომ ტესტები ამბულატორიულად ჩატარდეს, რათა კორონავირუსზე უფრო მეტი ადამიანი შემოწმდეს.

“ჯერჯერობით ჩვენ არ შეგვქმნია პრობლემა სტაციონარიზებულ პაციენტებზე, რომ ტესტი ან დაგვიანებულიყოს, ან არ ჩატარებულიყოს. თუმცა, სასურველია, რომ ამბულატორიულად ჩატარდეს უფრო დიდი რაოდენობის ტესტები და უფრო მაღალი იყოს სიხშირე პაციენტების გამოკვლევის“, – ამბობს ჟურნალისტებთან სოლოღაშვილი.

რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, ის განმარტავს, რომ ბოჭორიშვილში არაერთი სწრაფი ტესტი შემოწმდა, თითოეულ მათგან კი მოჰყვებოდა სპეციალური გამოყენების ინსტრუქცია – თუ როდის და რა პირობებში უნდა ჩატარებული ტესტი.

მისივე თქმით, სწრაფი ტესტის მიზანია უსიმპტომო პაციენტის გამოვლენა და გავრცელების საფრთხის შემცირება.

„სწრაფ ტესტებს აქვთ როგორც ცრუ დადებითი, ასევე, ცრუ უარყოფითი პასუხი. ზოგადად, ჩვენ ცრუ უარყოფით პასუხებს ვართ მიჩვეული სწრაფი ტესტების შემთხვევაში, მაგრამ არის ცრუ დადებითიც. ასე რომ, ჯერჯერობით, რომელიმე სწრაფ ტესტზე ჩვენი კლინიკა ვერ ჩამოყალიბდა იმიტომ, რომ არ იყო ისეთი სანდოობის კოეფიციენტი, რომელსაც შეიძლება დავეყრდნოთ“ ,- აცხადებს მაკა სოლოღაშვილი.

საქართველოში, 23 აპრილის დილის მონაცემების თანახმად, კორონავირუსის 420 შემთხვევა დადასტურდა, აქედან  გამოჯანმრთელდა 107, ხოლო გარდაიცვალა 5.

მასალების გადაბეჭდვის წესი