ახალი ამბები

ფერმერები მთავრობას გადაადგილებაზე შეზღუდვების შერბილებას სთხოვენ

23 აპრილი, 2020 • 1345
ფერმერები მთავრობას გადაადგილებაზე შეზღუდვების შერბილებას სთხოვენ

ფერმერები პრემიერ-მინისტრს, სოფლის მეურნეობის მინისტრს, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესა და ბიზნესომბუდსმენს წერილით მიმართავენ.

წერილში ისინი ითხოვენ, ავტომობილით გადაადგილების საშვები ფერმერებზე უფრო სწრაფად და მარტივად გაიცეს. ამასთან, დაჩქარებული წესით გაიცეს საშვები ფერემრებზე, რომლებსაც იმ ოთხ დიდ ქალაქში უწევთ გადაადგილება, სადაც შესვლა-გასვლა შეზღუდულია. პრემიერისთვის გაგზავნილ წერილში ფერმერები მანქანით გადაადგილების დროის გახანგრძლივებასაც ითხოვენ, რათა აგროსაშუალებების მაღაზიებითა და მექანიზაციის ცენტრებით ისარგებლონ.

“ფერმერების წინაშე ჯერ კიდევ დგას რამდენიმე მწვავე გამოწვევა, რაც საჭიროებს დროულ რეაგირებას, მათ შორის აღსანიშნავია საშვის აღების საკითხი და აგროსაშუალებებსა და სერვისებზე წვდომა გადაადგილების შეზღუდვების პირობებში. კერძოდ:

  • ავტომანქანით ფერმერისა და მუშახელის გადაადგილებისათვის საშვების გაცემა არის უკიდურესად გართულებული;
  • ავტომანქანით გადაადგილების დრო (06:00-08:00 და 18:00-19:00 საათებში) და აგროსაშუალებების მაღაზიისა და მექანიზაციის ცენტრების მომსახურების საათები არ ემთხვევა ერთმანეთს;
  • შორ დისტანციაზე გადაადგილება ვისაც უწევს, მისთვის დილით 2 საათი და საღამოს 1 საათი არ არის საკმარისი, რომ წავიდეს ფერმაზე, ჩაატაროს აგროღონისძიებები და დაბრუნდეს უკან სახლში.

ფერმერების აზრით, ამ პრობლემის სწრაფად მოგვარება შესაძლებელია მოხდეს შემდეგი ღონისძიებების გატარებით:

  1. ფერმერებისათვის სპეციალური ეფექტური ცხელი ხაზის შეთავაზებით, რომელიც სწრაფად უზრუნველყოფს გადაადგილების ნებართვის გაცემას (ყოველგვარი რამდენიმედღიანი ლოდინის გარეშე); ეს შეიძლება მიბმული იყოს სოფლის რწმუნებულებზე (ქალაქში ქალაქის მერის თანამშრომლებზე, რათა სრულად დაიფაროს რეგიონებში არსებული ყველა დასახლება), რომლებიც ელექტრონულ საშვთა ბაზას აწარმოებენ და ერთიან ბაზაში გადაუგზავნიან საპატრულო პოლიციას და სხვა შესაბამის უწყებებს ავტომანქანისა და მისი მგზავრების შესახებ ინფორმაციას. ასევე, იმ 4 დიდ ქალაქში, სადაც შესვლა-გასვლა შეზღუდულია, ფერმერებისთვის, რომლებსაც უწევთ ამ ქალაქებში გადაადგილება, დაჩქარებული წესით მოხდეს მათზე საშვების გაცემა;
  2. ავტომანქანით გადაადგილების დრო რამდენიმე საათით გახანგრძლივდეს დილითაც და საღამოთიც ისე, რომ ეს ემთხვეოდეს აგროსაშუალებების მაღაზიისა და მექანიზაციის ცენტრების მუშაობის საათებს გარკვეული დროით მაინც, რათა ფერმერებმა არა მარტო საკუთარ ფერმამდე/მიწამდე მისვლა შეძლონ, არამედ ჰქონდეთ საშუალება, რომ რეალურად აწარმოონ აგროსამუშაოები.

სწორედ ამიტომ, ფერემერები მიმართავენ ხელისუფლებას, ფერმერებისათვის დაწესებული შეზღუდვები შერბილდეს, რათა მათ შეძლონ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი აგროსასურსათო პროდუქტების წარმოება და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გარკვეულწილად უზრუნველყოფა.

წერილს ხელს აწერენ:

  1. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე – ნინო ზამბახიძე;
  2. საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე – ბექა გონაშვილი;
  3. რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის (საქრძე) აღმასრულებელი დირექტორი -კახა კონიაშვილი;
  4. საოჯახო მეფრინველეობის განვითარების ცენტრის დირექტორი – ბელა სონღულაშვილი;
  5. მომავლის ფერმერის თავმჯდომარე – რუსუდან გიგაშვილი;
  6. ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე – ირაკლი არჯევანიძე;
  7. საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე – თენგიზ სვანიძე;
  8. ორგანული აქვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯი“ – ალეკო ბაღდაძე;
  9. ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე – ირინე ფხოველიშვილი;
  10. ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე – ლევან სილაგავა;
  11. საქართველოს დეკორატიული და ტყის შემქნელი ენდემური სახეობების მწარმოებელთა
    ასოციაციის თავმჯდომარე – ნინო ხარხელაური.

მასალების გადაბეჭდვის წესი