ახალი ამბები

ჩინეთში კორონავირუსის გამო ერთ ქალაქში შესვლა აიკრძალა

22 აპრილი, 2020 •
ჩინეთში კორონავირუსის გამო ერთ ქალაქში შესვლა აიკრძალა

ჩინეთში, სადაც კორონავირუსი თავდაპირველად გავრცელდა, თუმცა ბოლო კვირებში შიდა დაინფიცირების მასშტაბები, ოფიციალური ცნობების თანახმად, ფაქტიურად ნულამდე დავიდა, კორონავირუსის გამო ქალაქ ჰარბინში გამონაკლისების გარდა ყველასთვის შესვლა აიკრძალა, ხოლო ვისაც შესვლის უფლება აქვს, თუმცა საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს, იზოლაციაში ყოფნა მოუწევს, წერს „როიტერსი“.

გამოცემის ცნობით, ჰარბინში — ჰეილონიანგის პროვინციის დედაქალაქში შესვლას შეძლებენ მხოლოდ ქალაქში რეგისტრირებული ადამიანები და ავტომობილები.

გარდ ამისა, როგორც ჩინური სახელმწიფო მედია იუწყება, „ყველა დადასტურებული, უსიმპტომო თუ ეჭვის ქვეშ მყოფი ადამიანი და მათი ახლო კონტაქტების ახლო კონტაქტები კარანტინში უნდა მოთავსდნენ და ტესტირება ჩაუტარდეთ“.

თუმცა კარანტინი 14 დღის ნაცვლად (სხვა ქვეყნებში ასეთი პრაქტიკა მოქმედებს, მათ შორის — საქართველოში) 28-დღიანი იქნება.

ამასთან ერთად, ქალაქის იმ კორპუსებში, სადაც კორონავირუსის დადასტურებული თუ უსიმპტომო შემთხვევები აღმოაჩინეს, კარანტინი დაწესდა.

„როიტერსის“ ცნობით, პროვინციაში ამჟამად ცდილობენ დაადგინონ რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების ვინაობა. რუსეთში ამჟამად 50 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

როგორც „როიტერსი“ იუწყება, ჰეილონიანგში სულ 537 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 470 საავადმყოფოდან გაწერეს. დაახლოებით 1400 ადამიანი ამჟამად დაკვირვების რეჟიმშია.


მთლიანად ჩინეთში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დაფიქსირებულია დაავადების 83,868 შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელდა 77 861, ხოლო გარდაიცვალა 4636.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი