ქართულ ონლაინ და სატელევიზიო მედიაში დილიდან ვრცელდება ცნობები ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ. ამავე ინფორმაციის თანახმად, რომელსაც ეპარქიაში კატეგორიულად უარყოფენ, ერთ-ერთი სასულიერო პირი მეორემ დაჭრა.
ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, დაჭრა ცივი იარაღით მოხდა, ხოლო ნაწილის ცნობით – ცეცხლსასროლით. გავრცელებულ ინფორმაციებში საუბარია ყინწვისში მდებარე ორი სხვადასხვა ტაძრის (მონანული ავაზაკის და ყინწვისის მონასტრის) სასულიერო პირების დაპირსპირებაზე, რომელსაც ამავე ცნობებით, მღვდელმთავარიც შეესწრო.
მთავარ არხთან საუბარში ინფორმაციას დაპირისპირების შესახებ უარყოფს მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი. მისი თქმით, ეპარქიაში სიმშვიდეა და არაფერი მომხდარა.
ამ ინფორმაციის გადამოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროში ვცადეთ, სადაც გვითხრეს – „ყინწვისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით“. ეს მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა/შენახვას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ დანარჩენ დეტალებზე, მათ შორის, იმაზე, ეხება თუ არა გამოძიება სასულიერო პირებს – ჯერჯერობით არ ისაუბრებენ.
ნეტგაზეთი ასევე ესაუბრა სასწრაფო სამედიცინო სამსახურს, სადაც აცხადებენ, რომ მათთან ყინწვისში გამოძახება არ დაფიქსირებულა.
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ნეტგაზეთი ეპარქიაში გადაამისამართა, სადაც გავრცელებულ ინფორმაციას ასევე უარყოფენ. ეპარქიაში ამბობენ, რომ არქიმანდრიტი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით დაჭრეს, “ადგილზეა და საღ-სალამათია”. ეპარქიაში ამბობენ, რომ ყინწვისში არანაირი ინციდენტი არ მომხდარა.