ახალი ამბები

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე “დამოუკიდებელი დეპუტატების” პოზიციები გაიყო

22 აპრილი, 2020 • 772
საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე “დამოუკიდებელი დეპუტატების” პოზიციები გაიყო

პარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” პოზიციები საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მხარდაჭერის შესახებ გაიყო.

ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა. მისი თქმით, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი და თვითონ მხარს დაუჭერენ საგანგებო მდგომაროების გაგრძელების მოთხოვნას, ხოლო ლევან კობერიძე და გედევან ფოფხაძე თავს იკავებენ და საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მხარდაჭერაზე უარს აცხადებენ. ჯაშს არ დაუკონკრეტებია, როგორია ფრაქციის კიდევ ერთი წევრის – ზვიად კვაჭანტირაძის მოსაზრება.

“ჩვენი ფრაქციის პრინციპული პოზიციაა, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრს, მთავრობის სრული შემადგენლობით, უნდა წარმოედგინა არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თხოვნა, არამედ დეტალური ანგარიში და გეგმა, როგორც კრიზისული, ასევე პოსტკრიზისული მდგომაროების სამართავად.

მიუხედავად ამისა, პირადად მე ვალდებული ვარ, მხარი დავუჭირო იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველაზე ნაკლებად დააზარალებს ჩვენს მოსახლეობას. რამდენადაც სოციალური დისტანცირება დღემდე ყველაზე ეფექტურ პრევენციულ ღონისძიებად რჩება. იძულებული ვარ,  მხარი დავუჭირო საგანგებო მდგომარეობას, მაგრამ ასევე, ვალდებული ვარ, გავაჟღერო ყველა ის კრიტიკული კითხვა, რომელიც პასუხსგაუცემელი რჩება”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებაზე მსჯელობს. პარლამენტი გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი