ახალი ამბები

მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა – ნოდარ მელაძე

21 აპრილი, 2020 • 894
მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა – ნოდარ მელაძე

ნოდარ მელაძემ, რომელიც “მთავარი არხის” დაფუძნების დღიდან ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა, ტელეარხი რამდენიმე დღის წინ დატოვა. ის საქმიანობას ტვ “პირველზე” გააგრძელებს და საავტორო გადაცემასაც წაიყვანს. “ნეტგაზეთმა” მას “მთავარის” დატოვების მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე ჰკითხა.

ნოდარ, როდის და რა მიზეზით მიიღეთ “მთავარი არხის”დატოვების გადაწყვეტილება? რამ განაპირობა თქვენი ეს ნაბიჯი?

მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა იმიტომ, რომ “მთავარი არხის” საფუძვლის ჩაყრის წუთებიდან იქ ვიყავი. ეს არ ყოფილა რაღაც გამზადებული ტელევიზია. ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ, ლილოს ბაზრობაზე დავდიოდით განათების საყიდლად და საკუთარი ხელებით გაგვყავდა კაბელები. ალბათ ყველაზე მეტად მშობლიურია ჩემთვის, სადაც კი მიმუშავია. მივიღე გადაწყვეტილება, რაც მივიღე და შესაბამისად, წამოვედი.

როგორც აღნიშნეთ, ფაქტობრივად, თქვენს ხელში დაიბადა ეს ტელევიზია. მეორე მხრივ, “რუსთავი2-ში”, ყველაზე რთულ პერიოდშიც, ნიკა გვარამიას გვერდით იყავით, მასთან ერთად მუშაობდით. რამ გადაგაწყვეტინათ ტელეარხის დატოვება ახლა? 

არ მინდა, ასე ვთქვათ, შიდა სამზარეულოზე და გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი. როცა ადამიანები ტოვებენ სამსახურს და შემდგომ იწყებენ რაღაცებზე საუბარს, ეს არასდროს მომწონს.

დარწმუნებული ვარ, “მთავარი არხი” იქნება ისეთივე მოკაშკაშე და ძლიერი, როგორიც არის ახლა, რადგან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რაც უფრო მეტი, ძლიერი, კრიტიკული მედია ეყოლება ქვეყანას, ხელისუფლების გავლენებისაგან თავისუფალი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. ამიტომ, თავისუფალი ტელევიზიები ერთმანეთის მოკავშირეები უფრო არიან ხოლმე ასეთ სიტუაციებში, ვიდრე ერთმანეთის კონკურენტები. რა თქმა უნდა, კონკურენცია არსებობს, თუმცა ყველა ხვდება დღეს იმ მნიშვნელობას, რომელიც ხელისუფლების გავლენებისაგან თავისუფალ მედიას აქვს ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს მეტი ძლიერი, თავისუფალი ტელევიზია და ადამიანებს ჰქონდეთ ცენზურისაგან თავისუფალ ახლა ამბებზე წვდომა.

ნიკა გვარამიასთან რაიმე სახის უთანხმოება ხომ არ ყოფილა წამოსვლამდე? სარედაქციო პოლიტიკასთან, შიდა სამზარეულოსთან, მენეჯმენტთან დაკავშირებით…

აზრთა სხვადასხვაობა გარკვეულ თემებზე არსებობს ყველგან, მათ შორის, ტელევიზიაშიც. ის ცოცხალი ორგანიზმია.

ესე იგი, თქვენს შორის ეს აზრთა სხვადასხვაობა იყო.

არა, აზრთა სხვადასხვაობა ნებისმიერ თემაზე შეიძლება გქონდეს ადამიანთან. ერთ აზრზე მყოფი ადამიანები არ არსებობენ. მით უმეტეს, როცა ტელევიზიას ეხება ამბავი, შეიძლება არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები თუნდაც ტიტრის დიზაინიდან დაწყებული, რაღაცამდე დამთავრებული. ეს ჩვეულებრივი პროცესია.

დიახ, რა თქმა უნდა. უბრალოდ, ვაზუსტებ, ეს [რომელიმე საკითხზე უთანხმოება] ხომ არ გამხდარა თქვენთვის ბიძგი არხიდან წამოსვლისათვის?

არ ვფიქრობ, რომ ადამიანმა, რომელიც ტოვებს ტელევიზიას, სადაც რჩება ძალიან ბევრი მისთვის ახლო მეგობარი, ამ შემთხვევაში, მისი თანამებრძოლი… ადამიანები, რომელთაც დიდ პატივს ვცემ და რომლებთან ერთადაც გამოვიარე ქარტეხილებით სავსე ძალიან დიდი გზა, ახლა რაღაცებზე უნდა ისაუბროს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, შეუცვლელი არავინ არის და შესაბამისად, არის ეს რეალობა.

ნიკა გვარამია როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?

ალბათ, ბევრი ადამიანი ტელევიზიიდან მიდის, რჩება, ის ცოცხალი ორგანიზმია და მენეჯერები ამას მიჩვეულები არიან.

ტვ “პირველთან” დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ? რა იქნება თქვენი, როგორც მთავარი პროდიუსერის მოვალეობები?

ეს შემოთავაზება იყო ინგა გრიგოლიასგან და პრინციპში, ეს ერთადერთი არხია, სადაც წარმოვიდგენდი, რომ მუშაობას გავაგრძელებდი, თუ ისევ დავრჩებოდი ტელევიზიაში. ახლა გვაქვს ბევრი გეგმა და იდეა. პირველ რიგში, იქნება გარკვეული რებრენდინგი არხისა, რომელიც გარკვეულ ვიზუალურ ეფექტს შექმნის, რადგან ნებისმიერ ტელევიზიას ყოველთვის სჭირდება რაღაც პერიოდულობით გარკვეული ახალი სისხლის გადასხმა.

ასევე გვექნება შაბათის გადაცემა, დაახლოებით იგივე ფორმატის, რაც იყო “შაბათის კურიერი”. აქ იქნება ძალიან ბევრი ავტორის ძალიან საინტერესო რეპორტაჟი, იქნება მოკვლევაც, გამოძიებაც, ის თემები, რომლებიც ზედაპირზე არ არის.

დრო ჯერ ზუსტად არ ვიცით იმიტომ, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ელემენტარულად, რთულია სტუდიის გაკეთებაც. ვეცდებით, ძალიან მალე იყოს. ეს იქნება არხზე კიდევ ერთი, ახალი მიმართულება იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის გადაცემები ტვ “პირველზე” არ არის. იქნება ისეთი “შაბათის კურიერი”, რომელსაც მაყურებელი ელოდა ხოლმე. ძალიან ბევრი, ძალიან ცნობილი ავტორის რეპორტაჟებს ვიხილავთ. ფორმატზე ახლა ვმუშაობთ მე და ინგა და ძალიან მალე გვეცოდინება, როგორი და რანაირი იქნება ეს გადაცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი