ახალი ამბები

ცაიშელი მეწარმე კიტრის მოსავლის უსასყიდლოდ დარიგებას გეგმავს

21 აპრილი, 2020 •
ცაიშელი მეწარმე კიტრის მოსავლის უსასყიდლოდ დარიგებას გეგმავს

მეწარმე გიორგი გერგედავა,რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში კიტრის სათბურებს ფლობს, თავისი მოსავლის სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადაცემას გეგმავს.

მისი თქმით, პროდუქტის რეალიზება შეჩერებულია, ვინაიდან Covid-19-ის თანმდევი შეზღუდვების ფონზე შესაბამისი ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აღარ ფუნქციონირებენ.

გერგედავა ზუგდიდის მერიას პროდუქციის ტრანსპორტირებისათვის დახმარებას სთხოვს.

“…არ ფუნქციონირებენ: რესტორნები, სასტუმროები და საბითუმო ბაზრები არცერთ ქალაქში, ასევე არ გვაქვს გადაადგილების საშუალება, შესაბამისად პროდუქციის მიწოდებაც ვერ ხერხდება. რომც მოხერხდეს, მყიდველიც არ არის, რადგან ბაზარი არ მუშაობს. მიუხედავად იმისა რომ ყველა მეწარმეს გაგვაჩნია უდიდესი ვალდებულება ბანკების წინაშე, ასეთ მდგომარეობას ისინი არ ითვალისწინებენ.

ზუგდიდის მერიას ვთხოვ სოფ. ცაისში გამოუშვას პიკაპი და გადავცე მიღებული მოსავალი სოციალურ დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს”,- წერს მეწარმე “ფეისბუქზე”.

ინფორმაცია მეწარმის ინიციატივის შესახებ, თავდაპირველად, გამოცემა “ლაივპრესმა” გაავრცელა.

გარეკნის ფოტო: USAID Zrda Activity in Georgia

მასალების გადაბეჭდვის წესი