ახალი ამბები

საქართველო რუსეთთან სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნას საჭიროდ არ მიიჩნევს

21 აპრილი, 2020 • 2047
საქართველო რუსეთთან სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნას საჭიროდ არ მიიჩნევს

ქართული მხარე რუსეთთან სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნას საჭიროდ არ მიიჩნევს. როგორც “ნეტგაზეთს” პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, სავაჭრო წარმომადგენლობის ფორმატს ქართული კანონმდებლობა არ ცნობს, ხოლო სავაჭრო საკითხების განხილვა შესაძლებელია პრაღის ფორმატსა და შვეიცარიის საელჩოებში ორი ქვეყნის ინტერესთა სექციების ჩართულობით.

“სავაჭრო წარმომადგენლობების საკითხი არ განხილულა. ასეთ ფორმატს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა უნდა გაგრძელდეს ე.წ. პრაღის ფორმატის ფარგლებში, სადაც ამ მიმართულებით ბოლო წლებში საჭირო ნაბიჯები გადაიდგა. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია თბილისსა და მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოების შემადგენლობაში არსებული საქართველოსა და რუსეთის ინტერესების სექციების პოტენციალის გამოყენებაც”, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, თბილისის შეთავაზების შემთხვევაში, მოსკოვი მზადაა, საქართველოსთან სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის საკითხი განიხილოს.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მზაობაც. თუმცა, აბაშიძის თქმით, დეოკუპაციის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმამდე ეს შეუძლებელია.

“საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია რუსეთის სამი საელჩო ქვეყნის ტერიტორიაზე და ამ საკითხის განხილვაც არ მიმდინარეობს, სანამ არ იქნება სერიოზული პროგრესი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების კუთხით, ანუ დეოკუპაციის მიმართულებით უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები. ეს პოზიცია რუსეთის მხარისთვის კარგად არის ცნობილი”, – განაცხადა აბაშიძემ.

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს შორის შეწყვეტილ ავიამიმოსვლას, პრემიერის სპეცწარმომადგენლის თქმით, ავიამიმოსვლა შეწყდა რუსეთის მხარის გადაწყვეტილებით და, შესაბამისად, თუ მოსკოვი საკუთარ გადაწყვეტილებას შეცვლის, ეს მისასალმებელი იქნება.

“პერდაპირი ავიამიმოსვლის არქონა ბევრ პრობლემას უქმნის რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებსაც და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზეც არ აისახება დადებითად”, – ამბობს ზურაბ აბაშიძე.

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის ივლისში მას შემდეგ შეაჩერა, რაც საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტს ანტისაოკუპაციო და ანტისახელისუფლებო აქციები მოჰყვა.

რატომ სურს კრემლს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა

იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში საქართველოსთან ავიამიმოსვლის პრობლემას მოვაგვარებთ — ლავროვი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი