ახალი ამბები

ინფექციის გავრცელება არ არის მაღალი, მაგრამ “დარჩით სახლში” ძალაშია – გამყრელიძე

21 აპრილი, 2020 • 1402
ინფექციის გავრცელება არ არის მაღალი, მაგრამ “დარჩით სახლში” ძალაშია – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს სახელმწიფომ, საზოგადოებამ და პროფესიონალებმა ერთობლივად მოახერხეს ის, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსული “ინფექციის გავრცელება არ არის მაღალი”.

“ჩვენი ეპიდემიის გავრცელების მრუდი ჯერჯერობით გახლავთ გლუვი და ის არ გახდა ციცაბო. წინა კვირაში გვქონდა სამი ნახტომისებური ზრდა, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ თქვენ, უმრავლესობამ დაიცავით რეკომენდაციები, მოვახერხეთ ის, რომ დღეს ზრდის მაჩვენებელი ისევ არ სცილდება ყოველდღიური 10 ახალ შემთხვევას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველოში ასევე დაბალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. თუმცა გამყრელიძე ამბობს, რომ პანდემიის გავრცელება დიდმა ქვეყნებმა ვერ გააჩერეს და “ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის”.

“მომავალი სამი კვირა იქნება მნიშვნელოვანი. რატომ ვამბობ სამ კვირას? ჩვენ პირველი შემთხვევა დაგვიფიქსირდა 26 თებერვალს და 22 მარტს დავაფიქსირეთ უკვე შიდა გავრცელების შემთხვევები, როდესაც ვეღარ გავედით პირველწყაროზე. ჩვენ ვიყენებთ და ვსწავლობთ ბევრი ქვეყნის გამოცდილებას და სწორედ შიდა გავრცელებიდან მე-6-8 კვირები ითვლება ყველაზე უფრო კრიტიკულად. დღეს ჩვენ შევედით მე-5 კვირაში. ამიტომ აპრილის ბოლო კვირა, მაისის პირველი კვირები მოსალოდნელია, რომ იყოს  ინფექციის შემთხვევების კიდევ ზრდა. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, მთავარი სლოგანი “დავრჩეთ სახლში” ძალაშია და ძალაში იქნება უმრავლესობისთვის კარგა ხანს. როდესაც პიკს გადავივლით, არსებობს გეგმა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან, მაგრამ თანდათანობით”, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის ვარაუდით, კორონავირუსის ვაქცინის შექმნას მინიმუმ 1 წელი დასჭირდება, პირდაპირი დანიშნულების სამკურნალო მედიკამენტი კი შემოდგომაზე იქნება მზად.

“მესმის, რთულია საგანგებო მდგომარეობის დროს ცხოვრება, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, გარდა სოციალური დისტანცირებისა და შეზღუდვებისა, სხვა გამოცდილება არცერთ ქვეყანას არ აქვს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი