აშშ-ში covid-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 780 000-ს აღემატება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 42 000-ს შეადგენს. ვირუსის თანმდევი შეზღუდვების ფონზე, ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.
“ფეისბუქმა” წაშალა სოციალური ქსელის მეშვეობით დაგეგმილ ღონისძიებათა ნაწილი, რომლებიც Covid-19-ის თანმდევი საკარანტინე ზომების წინააღმდეგ აშშ-ის ზოგიერთ ქალაქში საპროტესტო აქციების გამართვას გულისხმობდა.
კომპანიის განცხადებით, წაშლის მხოლოდ ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც შტატების ხელმძღვანელობათა მიერ მიღებულ ზომებს უშუალოდ ეწინააღმდეგება და უგულებელყოფს სოციალური დისტანცირების მოთხოვნას. “ფეისბუქი” ამ კუთხით აშშ-ის ადგილობრივ მთავრობებთან თანამშრომლობს. კონსულტაციათა შედეგად, ნიუ-ჯერსიში, კალიფორნიასა და ნებრასკაში დაგეგმილი ღონისძიებები უკვე წაშლილია.
კომპანიის სპიკერის თქმით, “ფეისბუქი” შტატების ხელმძღვანელობათა ნაწილისაგან პასუხებს ელის და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, წაშლიან თუ არა იქ დაგეგმილ საპროტესტო ღონისძიებებს.
Pew Research-ის კვლევის თანახმად, ამერიკელთა უმრავლესობა პანდემიის რისკების შესამცირებლად მიღებულ ზომებს ემხრობა. იმ ადამიანთა ნაწილმა კი, ვინც ზომებით უკმაყოფილოა, რამდენიმე შტატში პროტესტი აქციების მეშვეობით გამოხატა. პარალელურად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა “ტვიტერის” მეშვეობით გაახმიანა რამდენიმე შტატის “გათავისუფლების” მოწოდება, რომელთაც დემოკრატები მართავენ.
“ფეისბუქის” ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება “რესპუბლიკური პარტიის”წარმომადგენელთა ნაწილმა გააკრიტიკა და სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ შეაფასა.