მინისტრმა ეს განცხადება 6 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა და არ დაუზუსტებია ხელმოწერის კონკრეტული თარიღი, თუმცა აღნიშნა, რომ სექტემბრის დასაწყისში შეხვდა კომპანია “გილიადის” ხელმძღვანელობას.
სერგეენკოს განცხადებით, ასევე, ოქტომბერში ან ნოემბერში საქართველოში შემოიტანენ ახალი თაობის მედიკამენტს C ჰეპატიტის სამკურნალოდ.
ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან C ჰეპატიტის პროგრამაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ გაქრა “საქართველო ამერიკის რადარებიდან”.
“რაც შეეხება საკითხს, ამერიკისთვის აქტუალური არის თუ არა საქართველო, მე შემიძლია ცალსახად დაგიდასტუროთ, რომ ის პროექტები, რაც მიმდინარეობდა ჯანდაცვის მიმართულებით, არამცთუ აქტუალური არის, არამედ მზარდია და მე შემიძლია ცალსახად ვთქვა და უამრავი პროექტი ჩამოვთვალო, რომელიც ამერიკის სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით და მხარდაჭერით მიმდინარეობს. მე მგონი, ერთი მაგალითის, C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტის მოყვანაც საკმარისი იქნება. ეს პროგრამა ამერიკის სახელმწიფოს, კერძოდ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხარდაჭერით მიმდინარეობს. ასეთი პროექტები ასეთი მასშტაბის არა, მაგრამ ასეთი პროექტები ათეეულობით არის”, – განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, C ჰეპატიტის აღმოფხვრის პირველი ეტაპი, 5000 ყველაზე მძიმე პაციენტის მკურნალობის ფაზა უკვე დასასრულს უახლოვდება.