ახალი ამბები

Disney 100 000 თანამშრომელს ხელფასს დროებით აღარ გადაუხდის

20 აპრილი, 2020 •
Disney 100 000 თანამშრომელს ხელფასს დროებით აღარ გადაუხდის

ამერიკული კომპანია Disney 100 000 თანამშრომელს დროებით ხელფასს აღარ გადაუხდის, იუწყება BBC.

როგორც BBC წერს, Financial Times-ის ცნობით, ამ ნაბიჯით კომპანია თვეში, დაახლოებით, 500 მილიონ აშშ დოლარს დაზოგავს.

კომპანიამ, მთლიანობაში, უხელფასო შვებულებაში თანამშრომლების თითქმის ნახევარი გაუშვა.

Disney მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში — აშშ-ში, ევროპასა და აზიაში ოპერირებს. BBC-ის ცნობით, 2019 წლის ბოლო სამ თვეში კომპანიის შემოსავალი 17 პროცენტით გაიზარდა და 1.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ამავე დროს, Disney-ს ახალ სერვის „Disney Plus-ს“, რომელმაც ფუნქციონირება ხუთი თვის წინ დაიწყო, უკვე 50 მილიონი გამომწერი ჰყავს.

აგრეთვე, კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა თანამშრომელს კვლავ შეუნარჩუნდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯანდაცვის პაკეტები. ისინი აგრეთვე მოუწოდებენ ამერიკელ თანამშრომლებს, მოთხოვნა შეიტანონ აშშ-ის მთავრობის მიერ გამოყოფილ სტიმულირების პაკეტით (რომელიც 2 ტრილიონ დოლარს შეადგენს) გათვალისწინებულ დახმარებაზე.


მსოფლიოში ამჟამად კორონავირუსით 2 მილიონ ადამიანზე მეტი დაავადდა. აქედან გარდაიცვალა 165 000 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 600,000-ზე მეტი.

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედებს კარანტინის რეჟიმი და შესაბამისად, ფაქტიურად შეჩერებულია ეკონომიკური აქტივობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი