რეფორმების პაკეტს მხარი 104-მა დეპუტატმა დაუჭირა. 10 წინააღმდეგი იყო, 3-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
აღნიშნულ დოკუმენტს საყოველთაო რეფერენდუმზე გაიტანენ, თუმცა რეფერენდუმის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.
პარლამენტში საკონსტიტუციო რეფორმების განხილვების პარალელურად, პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა “არას” მიერ ორგანიზებული მიტინგი მიმდინარეობდა. აქციაზე დაახლოებით 400-მდე ადამიანი მივიდა. ისინი სკანდირებდნენ “არა საკონსტიტუციო რეფორმებს”, “ჩვენ ჩვენი ქვეყნის ბატონები ვართ” და “სერჟ, წადი!”
აქციის მიმდინარეობის დროს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა დიდი რაოდენობა იმყოფებოდა, რომელმაც ხელი შეუშალა აქციის მონაწილეებს, რომ პლაკატი გაეკრათ, შემდეგ კი 12-მდე აქტივისტი დააკავა. მათ შორის იყო სომხეთის ნაციონალური კრების დეპუტატი არამ მანუკაინი.
ოპოზიცია აცხადებს, რომ დღევანდელი დღის შემდეგ უვადო აქციები დაიწყება.
ახალი კონსტიტუციის პროექტის შესაბამისად, სომხეთის პრეზიდენტის უფლებამოსილებები საგრძნობლად შეიზღუდება და ის პარლამენტის მიერ 5-დან 7 წლამდე ვადით აირჩევა. ერთი და იგივე ადამიანი მხოლოდ ერთხელ აირჩევა აღნიშნულ პოსტზე.
ახალი კონსტიტუციის პროექტი პრეზიდენტს ავალდებულებს დანიშნოს პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიიდან ან პარტიის ბლოკიდან. ამასთან, თუ საპარლამენტო ძალები ვერ შეთანხმდებიან დასახელებულ კანდიდატზე, პარლამენტს დაითხოვენ. პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადება მისი დანიშვნიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.



![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას |






