ახალი ამბები

5 ოქტომბრიდან საპროკურორო საბჭოს 2 წევრის ასარჩევად პარლამენტი კონკურსს აცხადებს

5 ოქტომბერი, 2015 • 1369
5 ოქტომბრიდან საპროკურორო საბჭოს 2 წევრის ასარჩევად პარლამენტი კონკურსს აცხადებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ძიძიგური აღნიშნულ კონკურსთან დაკავშორებით განცხადებას აქვეყნებს:

 

“საქართველოს პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. 


საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. 


საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. 


საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით 2015 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით პარლამენტს წარუდგინოს  საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატისა.


არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. 


კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია − აგრეთვე იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ საქმის წარმოებაში,”– აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

საპროკურორო საბჭო ირჩევს იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურას. იუსტიციის მინისტრს შეუძლია საპრიკურორო საბჭოს 3 კანდიდატი წარუდგინოს.

 

საპროკურორო საბჭო 15 წევრისგან შედგება. აქედან 8 წევრს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია წარმომადგენლობითობის პრინციპის დაცვით აირჩევს, აქედან 1/4 მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის. საბჭოს დანარჩენი წევრები იქნებიან: ერთი დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობიდან; ერთი დეპუტატი პარლამენტის იმ წევრებიდან, რომლებიც უმრავლესობაში არ შედიან; ორი მოსამართლე, რომელთაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს; ორი წარმომადგენელი აკადემიური წრეებიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან, რომელთაც აირჩევს პარლამენტი იმავე კრიტერიუმებისა და წესების დაცვით, რომლითაც აირჩევიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრები.

 



მასალების გადაბეჭდვის წესი