ახალი ამბები

მეწარმეებისთვის დაკისრებულმა ჯარიმამ მილიონს გადააჭარბა | COVID-19

17 აპრილი, 2020 • 1294
მეწარმეებისთვის დაკისრებულმა ჯარიმამ მილიონს გადააჭარბა | COVID-19

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედი შეზღუდვებისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო 152 კომპანია დაჯარიმეს, ჯარიმის საერთო რაოდენობამ კი მილიონ ლარს გადააჭარბა.

როგორც სახელმწიფო უწყება აცხადებს, სპეციალურად შექმნილი ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებენ, თუ რამდენად იცავენ მეწარმეები საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებულ რეგულაციებს.

კონტროლში  მოიაზრება  იმ მეწარმე სუბიექტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერებული აქვთ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება.

ამასთან, მონიტორინგს ექვემდებარებიან ის მეწარმე სუბიექტები, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ ეკრძალებათ ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ თავიანთ საქმიანობა უნდა განახორციელონ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ  გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

“შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით, 23 მარტიდან დღემდე, დააჯარიმეს 152 მეწარმე სუბიექტი (საერთო ღირებულებით 1 137 000 ლარი). მათგან 69 ფაქტი სხვადასხვა რეგიონში, ხოლო 83 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, როგორც სოციალური დისტანციის დაცვის დაუცველობის გამო, ასევე, პირბადისა და ხელთათმანების გარეშე მუშაობისთვის.

დაჯარიმებულ კომპანიებს შორის არიან როგორც დიდი ჰიპერმარკეტები, ასევე, მცირე და საშუალო ზომის მარკეტები. სამართალდარღვევის ოქმი, ასევე, შედგა 3 ბაზრის მომწყობი ორგანიზაციის მიმართ”, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

უწყებისვე ცნობით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური  გააგრძელებს “უმკაცრეს მონიტორინგს” დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ  გაცემულ რეკომენდაციებზე, რომელიც ეპიდემიასთან ბრძოლის ეფექტიანობას განსაზღვრავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი