ახალი ამბები

აკრძალვის მიუხედავად, სასულიერო პირები პირბადის გაკეთებას არ აპირებენ

17 აპრილი, 2020 • 1012
აკრძალვის მიუხედავად, სასულიერო პირები პირბადის გაკეთებას არ აპირებენ

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საგანგებო მგდომარეობის რეჟიმის ფარგლებში დახურულ სივრცეებში პირბადის გარეშე ყოფნა აიკრძალა, სასულიერო პირები არც ამ წესის დაცვას გეგმავენ.

როგორც ჟურნალისტებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) უთხრა, სასულიერო პირები “ღვთის წინაშე დგანან და მასთან უშუალო კავშირი აქვთ”, რის გამოც მათ მიერ პირბადის გაკეთება გათვალისწინებული არაა:

“სასულიერო პირების მიერ პირბადეების კეთება არ არის გათვალისწინებული. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვდგავართ ღვთის წინაშე, ჩვენ გვაქვს უშუალო კავშირი უფალთან”, – ამბობს მიტროპოლიტი.

როგორც მანამდე საპატრიარქოში განაცხადეს, სასულიერო პირებს არც ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა შეეხებათ. საპატრიარქოში ამბობენ, რომ აღნიშნული აკრძალვა მათთან შეთანხმებული არ ყოფილა და, როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.

საპატრიარქოში მწუხარებას გამოთქვამენ, რომ მრევლს ამგვარი შესაძლებლობა არ აქვს:

“სამწუხაროდ,  მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ”, – აცხადებს საპატრიარქო

მასალების გადაბეჭდვის წესი