ახალი ამბები

კიევის სასულიერო აკადემიაში 19 პირს COVID-19 დაუდგინდა — „უნიანი“

17 აპრილი, 2020 • 1463
კიევის სასულიერო აკადემიაში 19 პირს COVID-19 დაუდგინდა — „უნიანი“

მოსკოვის პატრიარქატის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის სასულიერო აკადემიაში ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19-ის 19 შემთხვევა. ამის შესახებ აკადემიის Facebook-გვერდზე დაყრდნობით ინფორმაციას სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 14 აპრილს, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განკარგულებით, აკადემიის საერთო საცხოვრებელში ტესტირება ჩატარდა, რომლის შედეგადაც, 16 აპრილს კიევის საქალაქო ლაბორატორიულმა ცენტრმა დაადასტურა, რომ 19 ადამიანს (3 პედაგოგსა და 16 სტუდენტს) დაავადება დაუდასტურდა.

„უნიანის“ ცნობით,  17 აპრილისთვის უკრაინაში კორონავირუსის 4662 შემთხვევაა დაფიქსირებული, 125 ადამიანი გარდაიცვალა, 246 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

სასულიერო აკადემიის გარდა, კორონავირუსი მასობრივად გავრცელდა კიევ-პეჩერის ლავრაშიც, რის შესახებაც „ნეტგაზეთი“ აქამდეც წერდა. ლავრა კარანტინზეა დაკეტილი, დაფიქსირებულია თითქმის 100 შემთხვევა. „უნიანის“ ცნობით, გარდაცვლილია 3 სასულიერო პირი.


გარეკანის ფოტოზე: კიევის სასულიერო აკადემია. ფოტო: კიევის სასულიერო აკადემია

მასალების გადაბეჭდვის წესი