მოსამართლე არ დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის შუამდგომლობები მოსამზადებელი სხდომის გადადებისა და მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების შესეხებ.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ 2 ოქტომბერს სხდომაზე განაცხადა, რომ რუსთავი 2 -ის შუამდგომლობები დაუსაბუთებელია.
რუსთავი 2-ის ადვოკატებმა მოსამზადებელ სხდომაზე დააყენეს შუამდგომლობა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების შესახებ. აღნიშნულ შუამდგომლობას ქიბარ ხალვაშის ადვოკატები არ დაეთანხმნენ. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ რუსთავი 2-ის შუამდგომლობა მისი აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა.
მეორე შუამდგომლობა საქმის არსებით განხილვამდე 2 ოქტომბერს დანიშნული მოსამზადებელი სხდომის გადადებას შეეხებოდა. მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
“მხარეს სურს სასამართლო თავის რეჟიმში ამყოფოს,”- განაცხადა მან.
მოსამართლის თქმით, სასამართლოს აქვს თავისი დღის წესრიგი და მხარეებს უნდა ჰქონდეთ მოტივაცია, რომ სხდომას დაესწრონ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, დღეს მოსამზადებელი სხდომა ჩატარდება, თუმცა, მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მთავარი სხდომის ჩანიშვნასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციები წარმოადგინონ.
მოსამართლემ დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის შუამდგომლობა, რომ სასამართლოზე დაიკითხოს ექსპერტი, რომელმაც ტელეკომპანიის 2005–2006 წლების ფინანსური დასკვნა გააკეთა.
საქმე ეხება ქიბარ ხალვაშის რუსთავი 2 -ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს, რომლის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა და მის მოსამზადებლად მოსამართლემ სხდომა დანიშნა.
რუსთავი 2 -ის გენერალურმა დირექტორმა ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ პროცესს ვერ დაესწრება, რადგან მივლინებაში მიდის, იწყებს შეხვედრებს დიპლომატიურ კორპუსთან და შემდგ რეგიონში მიემგზავრება. გარდა ამისა, გვარამიას განცხადებით, პროცესს ვერ დაესწრება “რუსთავი 2–ის” ადვოკატიც, რომელიც ავსტრიაში, უნივერსიტეტში ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასაღებად იმყოფება.
გვარამიას განცხადებით, ამის შესახებ მოსამართლე ურთმელიძეს აცნობეს და პროცესის გადადება თხოვეს, თუმცა მან სხდომა მაინც 2 ოქტომბერს დანიშნა.
“ხვალ თუ ის პროცესსაც ჩაატარებს ამ ყველაფრის მერე, პირდაპირ ვპირდები მას აქედან, რომ ამ ქვეყანაში მისი დასაქმება, ამ ხელისუფლების შემდეგ, როგორც იურისტის, იქნება შეუძლებელი,”– განაცხადა გვარამიამ 1 ოქტომბერს გადაცემა “არჩევანის” ეთერში.
ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წინააღდეგ სარჩელი სასამართლოში 2015 წლის 4 აგვისტოს შეიტანა. ხალვაში “რუსთავი 2″–ისგან 500 000 აშშ დოლარის ოდენობით კომპენსაციას, ასევე ამჟამინდელი მეწილეების, პარტნიორების საკუთრების გაუქმებას და მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშის 60%-იანი და შპს “პანორამის” 40%–იანი წილების ცნობას ითხოვს. ამ მოთხოვნებს კიდევ 18 მილიონი აშშ დოლარი დაემატა, რომელსაც ხალვაში რუსთავი 2 -ისგან კომპენსაციის სახით ითხოვს.
აგვისტოში ხალვაშმა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ქონების დაღადაღების გარდა, სასამართლომ დირექტორსა და მეწილეებს შეუზღუდა გარკვეული უფლებები, კერძოდ, არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ვალდებულებების აღება, პროკურის გაცემა, წლიური შედეგების დამტკიცება, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილების შეტანა და სხვა.
1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ხალვაშის მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 51% წილის მფლობელი შპს “ტელეკომპანია საქართველოს” წილებიც დააყადაღა.
ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ 1 სექტემბერს განაცხადა, რომ სასამართლოში მიმართვის საფუძველი გახდა “ტელეკომპანია საქართველოს” წილის გასხვისება, რაც იწვევდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იანი წილის მფლობელის ცვლილებას.
საჯარო რეესტრში 29-30 სექტემბერს განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ტელეკომპანია საქართველოში გიორგი ყარამანიშვილის 40%-იანი და ლევან ყარამანიშვილის 60%-იანი წილები დიმიტრი ჩიქოვანმა შეისყიდა 400 ათას აშშ დოლარად. ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. კეზერაშვილს საქართველოში რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რის გამოც მას ქვეყანა დატოვებული აქვს და საფრნაგეთში ცხოვრობს.
საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ეს თანხა ჩიქოვანს ძმებ ყარამანიშვილებისთვის ორ ტრანშად უნდა გადაეხადა: 200 ათასი 31 ოქტომბრამდე და დარჩენილი 200 ათასი – 2016 წლის 31 იანვრამდე.
ამას გარდა, განსაკუთრებული პირობების გრაფაში მითითებულია, რომ ტელეკომპანია საქართველოს 51%-იანი წილი რუსთავი 2-ში შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს და ახალმა მეპატრონემ გრაფიკით უნდა გამოყოს ეს თანხა პირდაპირი ან არაპირდაპირი ინვესტიციის სახით.
“ტელეკომპანია საქართველოს” მეწილეების ეს ცვლილება საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაყადაღების შემდეგ მეწილეები ვეღარ შეიცვლება.
რუსთავი 2 -ის გენერალურმა დირექტორმა ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ხელისუფლების მიერ ტელეკომპანიის ფაქტობრივი დახურვა და თანამშრომლებთან და ადვოკატთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართა.
ტელეკომპანიამ მაყურებლებს ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდა და საბანკო ანგარიშების მონაცემები გაავრცელა.