ახალი ამბები

დაუყოვნებლივ შეიზღუდოს მოქალაქეთა შეკრება ნებისმიერ ადგილას – ომბუდსმენი

17 აპრილი, 2020 • 1801
დაუყოვნებლივ შეიზღუდოს მოქალაქეთა შეკრება ნებისმიერ ადგილას – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავრობას, გაითვალისწინოს ეპიდემიოლოგების საგანგაშო პროგნოზები და დაუყოვნებლივ დაიწყოს მოქალაქეთა შეზღუდვა ნებისმიერ ადგილას. შესაბამისი განცხადება სახალხო დამცველმა დღეს, 17 აპრილს გაავრცელა.

“საგანგაშო ეპიდემიოლოგიური პროგნოზის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მხედველობაში მიიღოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა და ეპიდემიოლოგების მოწოდებები და სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულებების შესასრულებლად, რეალურად და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოქალაქეთა თავყრილობების შეზღუდვა ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ ადგილას და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს სხვა დამატებითი ღონისძიებები.

წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგვიანებული რეაგირებებისა და გაუტარებელი პრევენციული ღონისძიებების გამო გამოწვეულ ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდასა თუ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფოს დაეკისრება”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ასევე მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, გაითვალისწინონ დადგენილი შეზღუდვები, რომელთა განუხრელი დაცვით არის მხოლოდ შესაძლებელი საკუთარი და სხვა ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დაცვა.

სახალხო დამცველის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ 17 აპრილიდან შემოღებულია დამატებითი შეზღუდვები, მათ შორის გადაადგილებასთან დაკავშირებით, აღნიშნული ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა თავყრილობის შეზღუდვას და, შესაბამისად, კვლავ რისკის ქვეშ ტოვებს ვირუსის ფართოდ გავრცელებას.

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებაზე, რომლის შეფასებითაც, განსაკუთრებულად მაღალია ვირუსის გავრცელების რისკი მოახლოებული რელიგიური დღესასწაულების დროს, რადგან გარკვეული რაოდენობის ადამიანებს ჯერ კიდევ არ აქვთ გამოვლენილი შესაბამისი სიმპტომები და არ იციან, აქვთ თუ არა ვირუსი. ასეთი ადამიანების რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა კი ვირუსის გადადების დიდ რისკებს შეიცავს, რაც გარკვეული კატეგორიის პირთათვის მომაკვდინებელიც შეიძლება აღმოჩნდეს.

“ასევე გასათვალისწინებელია ჯანდაცვის სისტემის ლიმიტირებული და ამოწურვადი ადამიანური რესურსები, რის გამოც, ვირუსის მასობრივი გავრცელების შემთხვევაში, ჯანდაცვის სისტემას გაუძნელდება პაციენტთა სიცოცხლის შენარჩუნება და მკურნალობა. აღნიშნულ რისკებს განსაკუთრებულად ზრდის 2020 წლის 15 აპრილს საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის შემდგარი შეთანხმება, რომლის თანახმადაც სააღდგომო ლიტურგია საქართველოს ეკლესიებში მრევლის მონაწილეობით გაიმართება”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

17 აპრილის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 370 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 77 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

ხელისუფლებამ 21 აპრილის ჩათვლით გაამკაცრა საგანგებო მდგომარეობის წესები. კერძოდ, 17 აპრილის 12:00 საათიდან იკრძალება ნებისმიერი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, გარდა მცირე გამონაკლისებისა.

ვის, როგორ და რა ტრანსპორტით შეეძლება გადაადგილება

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი