ახალი ამბები

ხალვაშის ადვოკატი: ტვ საქართველოს გასხვისება საჯარო რეესტრის ვებგვერდიდან გავიგეთ

2 ოქტომბერი, 2015 •
ხალვაშის ადვოკატი: ტვ საქართველოს გასხვისება საჯარო რეესტრის ვებგვერდიდან გავიგეთ

სალიას  განცხადებით, ის ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებდა რეესტრში რუსთავი2-ის პარტნიორების შესახებ ინფორმაციას.

 

“შევედით საჯარო რეესტერის ვებ-გვერდზე და ამას ვაკეთებდით ძალიან ხშირად და პერიოდულად. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც გავზარდეთ ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა და მოვითხოვეთ პარტნიორებისგან ზიანის ანაზღაურება. გვქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ რაიმე მანიპულაციებს ექნებოდა ადგილი. ამიტომ მუდმივ რეჟიმში ვამოწმებდით ამ ინფორმაციას. როგორც კი მივიღეთ, მივმართეთ სასამართლოს.”

ეს განცხადება ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა 2 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააკეთა. სასამართლოში ხალვაშის რუსთავი 2-ის წინააღმდეგ შეტანილ სარცელზე მოსამზადებელი სხდომა მიმდინარეობს.

 

1 ოქტომბერს ქიბარ ხალვაშის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ ყადაღა დაადო “ტელეკომპანია საქართველოს”, რომელიც რუსთავი 2 -ში 51% წილს ფლობს.

 

ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ 1 სექტემბერს განაცხადა,  რომ სასამართლოში მიმართვის საფუძველი გახდა “ტელეკომპანია საქართველოს” წილის გასხვისება, რაც  იწვევდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იანი წილის მფლობელის ცვლილებას.

 

საჯარო რეესტრში 29-30 სექტემბერს განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ტელეკომპანია საქართველოში გიორგი ყარამანიშვილის 40%-იანი და ლევან ყარამანიშვილის 60%-იანი წილები დიმიტრი ჩიქოვანმა შეისყიდა 400 ათას აშშ დოლარად. ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. კეზერაშვილს საქართველოში რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რის გამოც მას ქვეყანა დატოვებული აქვს და საფრნაგეთში ცხოვრობს.

 

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ეს თანხა ჩიქოვანს ძმებ ყარამანიშვილებისთვის ორ ტრანშად უნდა გადაეხადა: 200 ათასი 31 ოქტომბრამდე და დარჩენილი 200 ათასი – 2016 წლის 31 იანვრამდე.

 

ამას გარდა, განსაკუთრებული პირობების გრაფაში მითითებულია, რომ ტელეკომპანია საქართველოს 51%-იანი წილი რუსთავი 2-ში შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს და ახალმა მეპატრონემ გრაფიკით უნდა გამოყოს ეს თანხა პირდაპირი ან არაპირდაპირი ინვესტიციის სახით.

 

“ტელეკომპანია საქართველოს” მეწილეების ეს ცვლილება საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაყადაღების შემდეგ მეწილეები ვეღარ შეიცვლება.

 

რუსთავი 2 -ის წარმომადგენლებმა 1 ოქტომბერს გამოთქვეს ეჭვი, რომ საჯარო რეესტრის მხრიდან ხელშეკრულების შესახებ ქიბარ ხალვაშის მხარესთან კომუნიკაცია მოხდა და რეესტრი პროცესს ხელოვნურად აყოვნებს.

პაატა სალია, ადვოკატი, 02/10/2015 თბილისი, საქართველო ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი
პაატა სალია, ადვოკატი, 02/10/2015 თბილისი, საქართველო ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი