ახალი ამბები

თუ პროგნოზი არ გამართლდა, თანამდებობას დავტოვებ – გამყრელიძის პასუხი „ალიას“

16 აპრილი, 2020 •
თუ პროგნოზი არ გამართლდა, თანამდებობას დავტოვებ – გამყრელიძის პასუხი „ალიას“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ კორონავირუსთან დაკავშირებით მისი პროგნოზები არ გამართლდა, ის თანამდებობას დატოვებს.

კითხვა, დატოვებს თუ არა გამყრელიძე თანამდებობას იმ შემთხვევაში, თუ მისი პროგნოზები არ გამართლდა, მას „ალიამ“ დაუსვა.

„ღმერთმა ქნას, რომ ჩემი პროგნოზი, რასაც ვამბობ, თუ  ცუდი განვითარება იქნა ამ სიტუაციის და ეპიდემიის – არ გამართლდეს. ორი ხელით გეუბნებით, ნეტავ, არ გამართლდეს. მაშინ ვაძლევ „ალიას“ პირობას, რომ პირველი მოგცემთ ინტერვიუს და მეორე – წავალ ამ თანამდებობიდან“, – პასუხობს გამყრელიძე.

გამყრელიძემ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, დაიცვას სოციალური დისტანცია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი – „გვექნება რთულად განვითარებადი ეპიდემია. თუ დავიცავთ რეკომენდაციებს, ზრდა მაინც გვექნება, ოღონდ ისეთი, რომელსაც ჯანდაცვის სექტორი მოუვლის და გამოვალთ ნაკლები ზიანით“.

ამირან გამყრელიძემ ასევე ისაუბრა აღდგომასა და ეკლესიებში შეკრების შესახებ, მან სთხოვა მოსახლეობას, რომ ამ დღესასწაულებზე დარჩნენ სახლში, თუმცა დასძინა, რომ მისთვის პიროვნულად ამგვარი განცხადების გაკეთება რთულია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გამყრელიძე აღდგომასა და ტაძრებში მრევლის შეკრების შესახებ საუბრობს. დღეს მან არაერთხელ თქვა, რომ თუ მოქალაქეებს აღდგომას ხალხმრავლობაში შეხვდებიან, ეს ვირუსს გაავრცელებს და სიტუაცია უკონტროლო იქნება.

„ძალიან მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, მიჭირს ამ მოწოდების თქმა – არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში ამ დღეებში, ვილოცოთ სახლიდან.

ეს აღდგომა გადავატაროთ სხვა ფორმატით, ილოცებენ ჩვენი მამაოები და მღვდელმთავრები და ჩვენ ვიქნებით პირნათელი ჩვენი ქვეყნისა და ღვთის წინაშე, რომ ნაკლები სენითა და ზარალით გამოვალთ სიტუაციიდან. პირველად ვაკეთებთ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება. გთხოვთ ამას“, – თქვა მანამდე გამყრელიძემ.

იმნაძე: ვთქვათ უარი ერთხელ ტრადიციაზე, რომ ჩვენი ერი გადარჩეს

მასალების გადაბეჭდვის წესი