16 აპრილის დილის საათების მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირების 336 შემთხვევა იყო დადასტურებული (წინა დღეზე 30-ით მეტი), თუმცა საღამოს საათებში კიდევ 12 შემთხვევა დაემატა და ახლა, 21:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში 348 შემთხვევაა დადასტურებული.
ამჟამად ქვეყანაში ვირუსის გავრცელების სტატისტიკა ამგვარია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 348
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 76
- მათ შორის გარდაცვლილი – 3
- კარანტინის რეჟიმში – 5000
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3
16 აპრილს ჯამში 42 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, დღეს უკვე „არის შემთხვევები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით. ისინი [ინფიცირებულები] ჩვენს გვერდით არიან, მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცით. ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ისინი არიან დაავადებული, მაგრამ ისინი არიან გადამდები“.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 9 მაისისთვის შეიძლება ქვეყანაში იყოს 2 ათასი ინფიცირებული, უარეს შემთხვევაში კი 4 ათასიც. მისივე თქმით, ქვეყანაში გვყავს 256 ინფექციონისტი, შესაბამისად, შეგვიძლია მოვუაროთ მხოლოდ 853 ინფექციურ პაციენტს.
ექიმები დღეს მრევლს მოუწოდებენ, ნუ მივლენ ეკლესიებში. ის ადამიანები კი ვინც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ, მოერიდონ ოჯახის წევრებს.
