ახალი ამბები

პროკურატურა დონაძესა და მიქაძესთან საპროცესო შეთანხმებას ადასტურებს

16 აპრილი, 2020 • 1262
პროკურატურა დონაძესა და მიქაძესთან საპროცესო შეთანხმებას ადასტურებს

პროკურატურა ადასტურებს, რომ გურამ დონაძეს და ზურა მიქაძეს სასჯელი შეუმცირდათ ბრალის აღიარების და ყოფილ მაღალჩინოსნებზე მიცემული ჩვენების გამო. აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” უწყებაში განუცხადეს.

პროკურატურაში ამბობენ, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე მსჯავრდებულებმა დანაშაული აღიარეს. ამასთან, ამხილეს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირები და გამოძიებასა და სასამართლოს მისცეს ჩვენება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყოფილ მაღალჩინოსანთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით:

“მსჯავრდებულებმა გ.დ.-მ და ზ.მ.-მ თავი დამნაშავედ ცნეს წარდგენილ ბრალდებაში და სრულად აღიარეს 2004 წლის 24 ნოემბერს ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ ჩადენილი დანაშაული. ამასთან, ამხილეს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირებიც და გამოძიებასა და სასამართლოს მისცეს ჩვენება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყოფილ მაღალჩინოსანთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით.

მსჯავრდებულთა აღიარების, მათი თანამშრომლობის ხარისხის და სხვა სამართლებრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მსჯავრდებულებთან გ.დ.-სთან და ზ.მ.-სთან საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე, რის ფარგლებშიც მათ შეუმცირდათ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” პროკურატურაში.

ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელის, გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, ბუტა რობაქიძის საქმეში უფლებამოსილების გადამატებაში მსჯავრდებულმა გურამ დონაძემ საპატიმრო გუშინ, 15 აპრილს დატოვა.

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის თქმით, დონაძეს საპროცესო შეთანხმება მას შემდეგ გაუფორმდა, რაც მან და საქმის კიდევ ერთმა ფიგურანტმა, ზურა მიქაძემ, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  გურამ დონაძისა და იმ პირთა მიმართ, რომლებიც 2004 წელს პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში იყვნენ ბრალდებულები, 2018 წლის 18 დეკემბერს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

შსს-ს პრესსამსახურის ყოფილ თანამშრომელს, გურამ დონაძეს  5 წლითა და 3 თვის ვადით მიესაჯა პატიმრობა. გარდა ამისა, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და სამი თვით. რაც შეეხება ზურა მიქაძეს, მას სასჯელის სახით განესაზღვრა პატიმრობა 5 წლითა და 3 თვის ვადით, თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადიათ.

ბუტა რობაქიძის საქმე - მოკლედ

ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მოკლა.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქმის გამოძიება განახლდა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიება შსს-ს არაერთი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაიწყო, საბოლოოდ რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წაუეყენეს და სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენიც გამოუტანათ. პროკურატურა მათ საქმის გარემოებების ფალსიფიცირებაში ედავებოდა, რომლის მიხედვითაც მანქანასთან იარაღი პოლიციამ მიიტანა რობაქიძის და სხვების დისკრედიტაციის მიზნით.

2013 წელს ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ირაკლი ფირცხალავამ პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა, რომელშიც, მისი მტკიცებით, ჩანს, თუ როგორ პოულობენ ადგილზე მისული სამართალდამცავები იარაღს. თუმცა რობაქიძის ოჯახს ამის არ სჯერა და ამბობს, რომ მასალა ყალბია.


ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც 20-21 ივნისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დააპატიმრეს, ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი 19 ნოემბერს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით წაუყენეს.

13 აპრილს 20-21 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდება ორი ნაწილისგან შედგებოდა — ოქრუაშვილს აბრალდებნენ ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას.

ადვოკატის ცნობითვე, ოქრუაშვილი ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა მონაწილეობაში დამნაშავედ ცნო სასამართლომ. ოქრუაშვილი ბრალდებას უარყოფს. ოპოზიცია ოქრუაშვილის პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი